საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მეორდება შემთხვევა, როცა ნაკადის მომწესრიგებლის უკან ქართული ოცნების წარმომადგენელი ინიშნავს მისული ამომრჩევლების მონაცემებს, ზოგ შემთხვევაში კი ნაკადის მომწესრიგებელი ხმამაღლა აცხადებს ამომრჩევლის სახელსა და გვარს.

ამის შესახებ საიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ასოციაციამ კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 10 საათის მდგომერეობით არსებული ინფორმაცია გაგვაცნო.

განცხადებიდან ვიგებთ, რომ საიას დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა სამართალდამცავი უწყების გამოძახება რამდენიმე უბნის პერიმეტრზე ამომრჩევლის აღრიცხვისა და უკანონოდ განთავსებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნის მიზნით. გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა აღრიცხეს შემთხვევები, რომლებიც ზეპირი ან წერილობითი შენიშვნის შემდეგ აღმოიფხვრა, კერძოდ: უბნის არასათანადო მოწყობა, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, ტექნიკური ხარვეზები ელექტრონული ხმის მიცემის დროს, ტექნიკური შეცდომა საკონტროლო ფურცლის შევსებისა და ყუთში მოთავსებისას, არაორგანიზებული გარემო საარჩევნო უბანზე, კომისიის საქმიანობაში ჩარევა.

“კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხება წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემისა და აგიტაციის წესების დარღვევას”, — ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიამ ამ დრომდე 6 შემთხვევაზე 8 საჩივარი მოამზადა:
პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა, როგორც მედიით გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალით დასტურდება, კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდა პირბადით, რომელზეც დატანილია”ქართული ოცნების” სიმბოლიკა;
ახალქალაქის N40 და ქუთაისის N90 უბნებზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები კანონდარღვევით გაანაწილეს;
მარნეულის N59 უბანზე რეგისტრატორმა და გადასატანი ყუთის გამყოლმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს მოუწოდა ამ დარღვევის აღმოფხვრისკენ, მან უარი განაცხადა.
გლდანის N92 უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენები ისე მოხია, რომ არ ჩანდა უბნის ნომერი და სახელწოდება, რაც გამოიწვევს ხმების დათვლისას ამ ბიულეტენების ბათილობას;
ბათუმის N98 უბანზე ამომრჩეველს, რომელიც არ ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მარკირება გაუკეთეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში 350-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ. ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *