ბათუმში, ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა
შემთხვევა გუშინ მოხდა. ბათუმის იაშვილის ბავშვთა კლინიკის ერთ-ერთ პალატაში  ჭერი ჩამოიშალა.

პალატაში ბავშვები და მშობლები იმყოფებოდნენ, მაგრამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საავადმყოფოს დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით,  ჭერი მეორე სართულზე, ერთ-ერთ პალატაში ჩამოინგრა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოგვიანებით ბათუმის დედათა და ბავშვთა იაშვილის სახელობის ცენტრალური ჰოსპიტალი ერთ-ერთ პალატაში ჩამოშლილი ე.წ. შეკიდული ჭერით გამოწვეული შიშისა და დისკომფორტისთვის ბოდიში მოიხადა. კლინიკამ ამ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"დადგინდა, რომ ჩამოვარდა შეკიდული ჭერის, თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და მომხდარი არ მიანიშნებს შენობის კონსტრუქციის დაზიანებაზე. უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოხდება დამატებითი სიღრმისეული ექსპერტიზა", - აცხადებენ ჰოსპიტალში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად ყველა პაციენტი უსაფრთხო გარემოშია გადაყვანილი.


| Print |