პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება


პირველი დეკემბრიდან რესტორნების მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა იხსნება.


ამის შესახებ დღეს, 24 ნოემბერს  გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, დღეისთვის რესტორნები 23:00 საათამდე მუშაობენ.

„რესტორნებს, რომელთაც პირველი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე. კერძოდ, ყველა რესტორანი ვალდებულია, მომხმარებელი პირველი დეკემბრიდან მიიღოს მხოლოდ მწვანე სტატუსის შემთხვევაში და პირველი დეკემბრიდანვე მოიხსნება საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, მათ შეუძლიათ, იმუშაონ, რამდენ ხანსაც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ამასთანავე, პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

მწვანე პასპორტი გაიცემა პირზე, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ან ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“-ტესტი, ან 24-საათიანი ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მწვანე პასპორტის წარდგენა საჭირო იქნება რესტორნებში, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპაცენტრებში, ფიტნესდარბაზებში, სასტუმროებში და ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

 

| Print |