პროექტ EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, შერჩეული ქალაქების- ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე კატალინ გერმანი, შერჩეული ქალაქის მერები, პროექტის პარტნიორები და EU4Culture პროექტის წარმომადგენლები.

შერჩეული ქალაქები მიიღებენ 30 000 ევროს ოდენობის გრანტს კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად.

კონკურსი 2021 წლის მაისში გამოცხადდა და მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ქალაქებს კულტურის განვითარების იმ სტრატეგიების მომზადებაში, რომლებიც ევროპული კულტურული დედაქალაქების მიდგომებს შეესაბამება. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 70-მა ქალაქმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.
დოკუმენტზე მუშაობის 6 თვიანი პერიოდი 1-ელი დეკემბრიდან დაიწყება. საბოლოოდ კი, სამი ქალაქიდან ერთ-ერთი ქალაქი მოიპოვებს 300 000 ევრომდე დაფინანსებას საკუთარი სტრატეგიის განსახორციელებლად.

„მოხარული ვარ, რომ ქუთაისი, ევროკავშირის მხარდაჭერით, ერთ-ერთი პირველი დაიწყებს კულტურის სტარტეგიაზე მუშაობას . უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული კულტურული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ჩვენს ტრადიციებზე და ამავდროულად, გაითვალისწინებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ დღეს გადმოგვეცა 30 000 ევროს ოდენობის გრანტი და იმედი გვაქვს, 300 000 ევროს ღირებულების გრანტსაც მოვიპოვებთ, რათა შემუშავებული სტრატეგია რეალობად ვაქციოთ. მადლობა მინდა ვუთხრა პროექტის EU4Culture წარმომადგენლებს, რომ სწორედ ქუთაისი შეარჩიეს ამ პროექტის განსახორციელებლად. ქუთაისის კულტურის სტრატეგიის შექმნა ხელს შეუწყობს არამხოლოდ თავად კულტურის სფეროს განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის მდგრადი განვითარების პროცესში.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

შერჩეული ქალაქების მერებს ღონისძიებაზე ოფიციალურად გადაეცათ საგრანტო სერტიფიკატები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *