დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვნის ცემის ფაქტის დროულ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მეტროში პოლიციელი არასრულწლოვანს ფიზიკურად უსწორდება.

“ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ პოლიციის სისტემაში ბავშვის ინტერესების დაცვა და კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულება არ ხდება. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტებმა სისტემატური სახე მიიღო”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს მოუწოდებს გამოძიების პროცესში სავალდებულოდ ჩართოს ფსიქოლოგი. ასევე, დაზარალებულის მიმართ გამოიყენოს მულტიდისციპლინური მიდგომა განმეორებითი გამოკითხვისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით.

DRI მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც და მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიციელების გადამზადება ბავშვთა დაცვის საკითხებში. ასევე, გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით ფაქტზე დაკავებულია 2 პოლიციელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *