“აიგრუპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კახაბერ გულედანმა, ქუთაისში

multicat=36 ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, პანდემიის გამო, საწარმოო ხაზი და ტექნოლოგიური სიმძლავრეები, რომელიც კომპანიამ პარტნიორისგან, ავტოინდუსტრიის ჩინური გიგანტი კომპანია “ჩანგანისგან” ჯერ კიდევ 2019 წლის შემოდგომაზე შეიძინა და დეკემბერში უნდა ჩამოსულიყო, 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში ჩამოვიდა საქართველოში. გულედანი აცხადებს, რომ მშენებლობის დაწყებისათვის ჩინეთიდან ინჟინრები უნდა ჩამოსულიყვნენ, რაც შეჩერებული მიმოსვლის გამო ვერ მოხერხდა.

“გარდა იმისა, რომ პანდემიის გამო დაგვიანდა საწარმოო ხაზის მოწოდება, ვერ დავიწყეთ ვერც მშენებლობა, რადგან ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესი საკითხია კადრების გადამზადება და მივლინებები. ქარხნის მშენებლობისთვის და ასევე, ტექნოლოგიური სიმძლავრეების გამართვისთვის ჩინეთიდან ქუთაისში უნდა ჩამოსულიყვნენ ინჟინრები, ასევე, მივლინებით ჩინეთში საჭირო გადამზადებისთვის უნდა გაგვეგზავნა ადგილობრივი კადრები. ეს მოქმედებები 2020 წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა დაგეგმილი, თუმცა, დღევანდელ დღემდე შეჩერებულია მიმოსვლა. იმედს ვიტოვებ, არსებული ვითარება თანდათან დასტაბილურდება, რაც მოგვცემს საშუალებას განვაგრძოთ დაწყებული პროცესი. თუმცა, ამ გადასახედიდან უკვე ჩანს, რომ დაპირებული თარიღები გადაიხედება. ჩვენ დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენის მხრივ არ დავიშურებთ რესურსებს და ენერგიას, იმისათვის რათა დროულად დაიწყოს დაპირებული მშენებლობა და მალე ვიხილოთ ქართული წარმოების ელექტრომობილები,” – განაცხადა კახაბერ გულედანმა.

პროექტის მიხედვით, ინდუსტრიული ჯგუფი “აიგრუპი” ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. გეგმის მიხედვით, პირველი პროექტი ელექტრომობილების ქარხანაა და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 5 წელიწადში კი საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *