ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის მუნიციპალიტეტებმა  5 მილიონი ლარის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვეს. 

multicat=36 საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ 11 მუნიციპალიტეტს 5 მილიონი ლარის გრანტები გადასცა. ეს გრანტები მთავრობის 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამის ნაწილია, სადაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსება იქნება.

“დღეისათვის უმნიშვნელოვანესია ასეთი შინაარსის პროგრამების განხორციელება. ამ ფორმატის დახმარება, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობს მომდევნო 3 წლის განმავლობაში, არის ახალი და ზუსტად ეხმიანება ევროპული სტანდარტის რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პრინციპებს. ამ პროგრამით, ევროკავშითან თანამშრომლობა თვისობრივად ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რაც ვფიქრობ, ასევე გულისხმობს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ სანდოობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებასა და განმტკიცებას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამას ასევე შემოაქვს მუნიციპალიტეტებს შორის კონკურენტული ურთიერთობების ჩამოყალიბების პრინციპები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის პროცესში და მუნიციპალურ დონეზე ახალი უნარების გაჩენა-გაძლიერებაში,” – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა  და იგი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *