ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას

განცხადებით, სექტემბერში “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს განაახლებს რამდენიმე “უსაფრთხო მიმართულებით”. რაც შეეხება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას “რაინეარს”, როგორც მინისტრი ამბობს, ირლანდიური ავიაკომპანია ფრენებს ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში განაახლებს. თურნავამ “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ასევე განაცხადა, რომ მიმართულებებსა და სიხშირეებზე ორივე ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“პირდაპირ გეტყვით რომ უკვე ამ თვეში აღდგება გარკვეული უსაფრთხო მიმართულებით ფრენები “ვიზეარის” მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე ჩვენ დარწუნებულნი ვართ რომ ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან “რაინეარი” აღადგენს ფრენებს. რა სიხშირით შესრულდება ფრენები და რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ავიაკომპანიებთან ვმუშაობთ და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებას. ასე რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამოდენიმე თვეში,”-აცხადებს თურნავა.

ამ ეტაპზე საქართველოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა სამი მიმართულებით აქვს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მხოლოდ მიუნხენის, პარიზისა და რიგის მიმართულებით სრულდება. 11 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *