15 თებერვლიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებს ღია სივრცეში მუშაობის უფლება მიეცემათ,

მაგრამ შეზღუდული სამუშაო გრაფიკის პირობებში რესტორნების უმეტესობამ ჯერ არ იცის ღირს თუ არა მუშაობის განახლება.  იმის გამო, რომ რეგულაციების მიხედვით, შაბათ-კვირას მუშაობა აკრძალულია, ასევე ქვეყანაში ჯერ კიდევ კომენდატის საათი მოქმედებს, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი განაახლებს თუ არა მუშაობას რესტორანი ,,გრანდ პალასი”.

 

,,ხალხი რესტორნებში შაბათ-კვირას დადის, ჩვეულებრივ დღეებში ისედაც მცირე მომხმარებელი გვყავს. ამას ისიც ემატება , რომ ცხრა საათზე კომენდატის საათი იწყება და იძულებულნი ვიქნებით 8 საათზე რესტორანი დავხუროთ. არადა მომხმარებელი საღამოს საათებში გვყავს, დილის კლიენტი ცოტაა,’’-ამბობს ,,გრანდ პალასის” მენეჯერი, მერაბ შალამბერიძე.

შეზღუდულ სამუშაო გრაფიკს გაზრდილი გადასახადებიც ემატება. იმის გამო, რომ ქვეყანაში გაზის და ენერგომომარაგების ტარიფი გაძვირდა, ასევე მოიმატა პროდუქტს    ფასმაც, სარესტორნო ბიზნესის ფუნქციორინება გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც შეზღუდულ დროში, შეზღუდული რაოდენობის სტუმრების მიღებით თითქმის შეუძლებელია. მდგომარეობას ისიც ართულებს , რომ რესტორანმა ,,გრანდ პალასმა’’ ფინანსური და ადამიანური რესურსი თითქმის ამოწურა და ახლა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

,,თანამშრომლების ნახევარი სხვაგან დასაქმდა, არ ვიცით რას გადავწყვეტთ, გავიხსნებით თუ არა. ყველაფერი ძვირდება და ჩვენ რომ საკვები გავაძვიროთ, ისედაც მცირე მომხმარებელსაც დავკარგავთ. შუქის გადასახადი ძალიან ძვირია. არ აქვს მნიშვნელობა რესტორანში ხუთი კაცი ზის თუ ოცდაათი, ელექტროენერგია მაინც ჩართულია და ხუთ კაცზე იგივე იხარჯება, რაც 30-ზე, ’’-ამბობს მერაბ შალამბერიძე.

იგივე მდგომარეობაა ტერასა ,,რეროშიც”. ,,რეროს” მენეჯერის, ინგა ყენიას თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი დაიწყებს თუ არა ფუნქციონირებას რესტორანი.

,,კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. ვებღაუჭებით იმედს, რომ იქნებ რაიმე საშუალება გამოვნახოთ. პროდუქტის ფასი ისეა გაძვირებული, რომ თუ მუშაობას დავიწყებთ, იძულებული ვიქნებით საკვები გავაძვიროთ, სხვა შემთხვევაში ობიექტი ზარალზე წავა’’-ამბობს ინგა ყენია.

15 თებერვლიდან მუშაობას გააახლებს რესტორანი ,,ამირანი”, თუმცა იმედები არც ამ რესტორანში აქვთ. ,,ამირანის’’ მენეჯერის, ია გამეზარდაშვილის თქმით, ამ პირობებში მუშაობა მოგებას ვერ მოიტანს, მაგრამ თანამშრომლების შენარჩუნების მიზნით რესტორანმა მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

,,თანამშრომლებს ცვლაში მუშაობა მოუწევთ, ბუნებრივია, სრული დატვირთვით არა. იმედია ამინდებიც ხელს შეგვიწყობს, რომ ვიმუშავოთ. ახლა ზამთარია და ეს ხელს ძალიან შეგვიშლის,’’-ამბობს ია გამეზარდაშვილი.

ხოლო იმ რესტორნებისთვის, რომლებსაც ღია სივრცე არ აქვთ, არაფერი იცვლება და მათ ისევ საბოლოო რეგულაციების მოხსნამდე მოუწევთ მოცდა.

,,ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან ოყრეშიძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების შემსუბუქება სარესტორნო სექტორის საქმიანობას მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესებს, რადგან რეგულაციები ისევ მკაცრია, ამავე დროს იზრდება გადასახადებიც.

,,ნედლეულის გაზრდილი ღირებულება ბიზნესის ოპერირებაზე უარყოფითად აისახება.  ელექტროენეგიის გადასახდის ზრდა ნეგატიურად მოქმედებს ყველა ბიზნესზე, მაგრამ ამ შემთხვევაში სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან ენერგოტარიფის ზრდა ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია. სარესტორნო ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია. კომენდატის საათის პირობებში სარესტორნო საქმიანობა ვერ გაუმჯობესდება,’’-ამბობს ლევან ოყრეშიძე.

,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის, გიგა შუშანიას შეფასებით, კომენდატის საათის შენარჩუნებით, ხელისუფლება პოლიტიკური პროტესტის ჩახშობას ცდილობს, რაც სარესტორნო ბიზნესს მძიმე დარტყმას აყენებს. მისი თქმით, რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მთავრობამ მხოლოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად მიიღო, მაგრამ ეს ცვლილება მნიშვნელოვნად ვერაფერს ცვლის.

,,რეგულაციები უნდა შეემსუბუქებინათ, სხვა გზა არც ჰქონდათ, სხვა შემთხვევაში ბიზნესის წარმომადგენლები დაუმორჩილებლობას გამოუცხადებდნენ. ქეიფი და დროსტარება მხოლოდ უბრალო ხალხისთვის არის შეზღუდული, ქართული ,,ოცნების წევრები’’ და მათთან დაახლოებული პირები კი ბიუჯეტის ხარჯზე თავისუფლად ქეიფობენ. ვნახეთ გუბერნატორის მაგალითი,’’-ამბობს გიგა შუშანია.

მისი თქმით ,,ქართული ოცნების” არაგეგმაზომიერი პოლიტიკა ყველაფერში ჩანს და სარესტორნო ბიზნესის მძიმე მდგომარეობაც ამის ერთ-ერთი მაგალითია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *