როგორც ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შეხვედრა ზოგადი იყო და რაიმე გადაწყვეტილება არ მიღებულა. მისი თქმით, პროტესტის ძირითად ადგილას დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხვალ, 19 ივნისს ადგილობრივ მთავრობასთან კომუნიკაცია უნდა შედგეს.

“დღეის მონაცემებით, რასაც ხედავს საზოგადოება, ბარიკადები აღებულია და ამის გარდა, არცერთი სხვა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ვისაუბრეთ ზოგადად. სხვადასხვა არგუმენტები იყო დაყენებული შესრულებასთან დაკავშირებით, თუმცა ის რაც შაბათის შეხვედრაზე შეთანხმდა იყო უპირობო შეთანხმება და აუცილებლად უნდა შესრულებულიყო, თუმცა ვხედავთ რომ არ არის შესრულებული.
რაც შეეხება ხეობაში შესვლას, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვინდა დაბრუნება ნამოხვანში – პროტესტის ძირითად ადგილას, სადაც კარვები დაგვირბიეს.
დღეს, როგორც მოვისმინეთ, თურმე კომპანია უარს აცხადებს ჩვენს შესვლაზე და ამბობს რომ  არის მისი საკუთრება.
თუ ალტერნატიული შემოთავაზება იქნება, ასეთი რამ ითქვა, ჩვენც დავაყენეთ საკითხი, რომ მეათეხარისხოვან ადგილებზე არ შევალთ და ამ შემთხვევაში დავრჩებით იქ, სადაც ვართ.”

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ პროტესტი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ისინი კვლავ განაგრძობენ კომპანიის ტრანსპორტისა და სპეცტექნიკის მოძრაობის შეფერხებას.

მისი თქმით მომავალი შეხვედრის თარიღი 2 დღეში გახდება ცნობილი.

11 ივნისს, ევროკავშირის ჩართულობით ხელისუფლებასა და ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის გამართულ შეხვედრაზე რიონის ხეობის “მცველების” მთავარი პირობები ბარიკადების აღება, ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერება იყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *