ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 43 926 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სექტემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა და 2021 წლის სექტემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 43 926 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი – 91 713 მგზავრი).

აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც დადებითი დინამიკაა. სექტემბერში, აეროპორტში რეისების 64% აღდგა და 192 რეისს მოემსახურა ( 2021 სექტემბერი – 302 რეისი).

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 20 მიმართულებით ოპერირებს.
“დღეის მდგომარეობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს 20 მიმართულებით ასრულებს, მათ შორის ყაზახეთის 4 და ევროპის 15 მიმართულებით. სექტემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 163 პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა.

31 ოქტომბრიდან კი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air პირდაპირ ფრენებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით აღადგენს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი მიმართულება, რომლითაც საქართველო ესპანეთის სამეფოს დაუკავშირდება”, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 121 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 47 რეგულარული რეისი შესრულდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *