საქართველოში ფასების ზრდა უკვე აღარავის უკვირს.

კვარტალიდან კვარტალამდე კატასტროფულად იზრდება სურსათის, პირველადი მოხმარების საგნების, საწვავის, ელექტროენერგიის, გაზმომარაგების და სხვა საჭიროებების ფასი. მოიმატა უძრავი ქონების ღირებულებამაც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავ ქონებაზე ფასი 1.2%-ით არის გაზრდილი. მსგავსი კვლევა ქუთაისში არ ჩატარებულა, თუმცა როგორც უძრავი ქონების სფეროს წარმომამდგენლები და მომხმარებლები ამბობენ, ქუთაისში არსებული უძრავი ქონების ფასები ყოველწლიურად იზრდება, შემოსავალი კი მცირეა.

თუ უძრავი ქონების პლატფორმას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ერთოთახიანი ბინის ღირებულება 15 ათასი დოლარიდან, ხოლო ოროთახიანის 20 ათასიდან იწყება, ისიც მხოლოდ გარეუბნებში. ქალაქის პრესტიჟულ უბნებში ბინის შეძენა გაცილებთ ძვირი დაგიჯდებათ. ერთოთახიანი, გარემონტებული ბინების ფასი 25-28 ათას დოლარსაც აღწევს.

სამოთახიანი ბინის ღირებულება გარეუბნებში, დაახლოებით, 32-35 ათასიდან იწყება და მდგომარეობის შესაბამისად ძვირდება. ცენტრალურ ქუჩებზე კი 45-50 ათასიდან. 

შპს ,,ბიზნეს ცენტრში’’, რომელიც მომხმარებლებს სოციალური ქსელის მეშვეობით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას სთავაზობს, აცხადებენ, რომ ქუთაისში უძრავი ქონების ღირებულების ზრდა სამომხმარებლო ხარჯების მატებამ გამოიწვია.

,,ბინების ფასის ზრდა ბუნებრივია. ქვეყანაში ყველაფრის ფასმა მოიმატა. შესაბამისად, ადამიანს გაეზარდა ხარჯი. როცა მეპატრონე ბინას ჰყიდის, მან ასევე იმ თანხით სხვა უძრავი ქონება უნდა შეიძინოს ან მიღებული თანხა რაიმე სხვა საჭიროებისკენ მიმართოს. მასაც გაუძვირდა ცხოვრება და ქობნებას დიდი ფასი დაადო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ფასი, რაც ბინას ადევს და შეფასების შედეგად მიღებული რეალური ფასი, განსხვავებულია. ბინებს რეალურთან შედარებით გაცილებით დიდი ფასი ადევს, ’’-ამბობენ შპს ,,ბიზნეს ცენტრში’’.

მათივე ინფორმაციით, ამ პირობებში უძრავი ქონების გაყიდვის მაჩვენებელი ნაკლებია. დაახლოებით, გასაყიდი ბინების მხოლოდ 20-25 პროცენტია გაყიდული.

მაღალია მოთხოვნა გირაზეც, თუმცა ქუთაისში გირა ნაკლებად მოიძებნება და მისი ფასი დაახლოებით, 10 ათასი დოლარიდან იწყება, მომხმარებელთა უმეტესობა კი გირას, დაახლოებით 5-7 ათასად ეძებს, რის გამოც მგირავებელსა და დამგირავებელს შორის მოლაპარაკება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ქირას, გარეუბნებში ერთოთახიანი სუფთა ბინის ფასი 200-დან, პრესტიჟულ უბნებში კი 300 ლარიდან იწყება. იმის მიხედვით, როგორი პირობებია ბინაში, ფასები 400 და 500 ლარს აჭარბებს.

იზრდება როგორც ძველი, ასევე ახალაშენებული ბინების ფასიც. ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსში კვადრატულის ფასი მდგომარეობის მიხედვით 450-დან 550 დოლარამდე მერყეობს.

ამ პირობებში მყიდველს ბინის შეძენა უჭირს, გამყიდველს – გაყიდვა. ბაზარზე არსებული ფასების გამო ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები რთულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *