გელათში არსეული მდგომარეობის შესასწავლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 250 ათას ლარს გამოყოფს
გელათში არსებული მდგომარეობის შესასწავლად კიდევ 250,000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას აი ფაქტი ავრცელებს.

აი ფაქტის ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გეგმავს, რომ ამ მიზნით ხელშეკრულება უკონკურსოდ, გამარტივებული შესყიდვის გზით გააფორმოს. ამაზე თანხმობისთვის 23 თებერვალს შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს მიმართეს.
სააგენტო ხელშეკრულების საჩქაროდ გაფორმების აუცილებლობას იმით ხსნის, რომ გელათის კედლები გამოშრობის პროცესშია, რაც ახალი დაზიანებების რისკს აჩენს და ამიტომ, გადაუდებელი სამუშაოები სწრაფად უნდა დაპროექტდეს.

სააგენტოს სურს, რომ ღვთისმშობლის შობის ტაძარზე მოიხსნას ლითონის საფარი და მოჭიქული კრამიტის სახურავი, მის ნაცვლად კი დროებით გადაიხუროს ახალი, მსუბუქი სტრუქტურით. დაიწყოს ქვის ნესტისგან გამოშრობის სამუშაოები, დაამაგრონ მოხატული ზედაპირი, გაწმინდონ მხატვრობა და შეავსონ ბათქაშებს შორის სივრცეები.

ამ სამუშაოებამდე საჭირო კვლევებისთვის სააგენტოს უცხოელების დაქირავება სურს. მათ უნდა შექმნან "გაიდლაინები", წყლის გაჟონვით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად და გასცენ მითითებები დროებითი გადახურვის შესახებ.
აი ფაქტის ინფორმაციით, შესყიდვების სააგენტომ მათ დასტური პირველ მარტს მისცა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელშეკრულება ამ დრომდე არავისთვის გაუფორმებია.

გელათში დაზიანებების შესაჩერებლად საჭირო კვლევები დეკემბრის ბოლომდე უნდა ჩატარდეს.

| Print |