“ნარკვევები მეორე მსოფლიო ომისშემდგომი პერიოდის

მეოცე საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურიდან” – ასე ჰქვია წიგნს რომლის პრეზენტაციაც ქუთაისში, საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა. წიგნის ავტორი პროფესორი ნუგეშა გაგნიძეა. მან წიგნზე დაახლოებით 4 წელი იმუშავა.

“წიგნი პირველ რიგში გერმანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ აგებულია იმ პრინციპით, რომ გერმანული ლიტერატურის ისტორიით და ზოგადად, გერმანულენოვანი ლიტერატურით დაინტერესებულმა მკითხველმაც წაიკითხოს. მასში წარმოდგენილია ჩემს მიერ გამოკვლეული კონკრეტული მწერლების შემოქმედება, ასევე ჩემს მიერ თარგმნილი ლირიკული ნაწარმოებები მეოცე საუკუნის ძალიან ცნობილი ავტორების”, -აღნიშნა წიგნის ავტორმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, წიგნის ავტორმა ნუგეშა გაგნიძემ.

წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა წერეთლის უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლუკა დვალიშვილმა.

” ფილოლოგებისათვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე მსოფლიო ომიშემდგომი პერიოდის, მეოცე საუკუნის გერმანულ ლიტერატურას გაეცნონ. მასში გაიელვებს ქართული თემატიკა. მაგალითად წაიკითხონ ახალგაზრდა გენერლის კრისენშტაინის მოგონებები საქართველოზე. მასში შეიძლება ისეთი რამ დაინახო საქართველოს შესახებ, რასაც ქართველ მწერლებთან ვერ შეხვდებით. ქალბატონ ნუგეშას თავის წიგნში 2 ქართველი ავტორი, გივი მარგველაშვილი და ნინო ხარატიშვილი ჰყავს შეყვანილი. ამ ავტორებს იცნობენ გერმანიაში, მაგრამ ბევრმა მათ შესახებ არაფერი იცის საქართველოში. ასე, რომ ეს წიგნი ნებისმიერი მკითხველისთვის ძალიან საინტერესოა”, – აღნიშნა ლუკა დვალიშვილმა.

“ნარკვევები მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მეოცე საუკუნის გერმანული ლიტერატურიდან” ნუგეშა გაგნიძის მეოთხე წიგნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *