ზესტაფონელი სტუდენტები, რომლებმაც 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

100%-იანი გრანტი მოიპოვეს, ქალაქის მერს საკუთარი შრომის წახალისებას სთხოვენ.

14 სტუდენტი მუნიციპალიტეტის მერიისაგან მატერიალურ წახალისებას მოითხოვს, რომელსაც, მათივე განმარტებით, ყოველწლიური სახე უნდა მიეცეს.

როგორც სტუდენტები განმარტავდნენ, მათ ქალაქის მერს ორჯერ მიმართეს, რაზეც უარი მიიღეს. გარდა ამისა, მათივე თქმით, ქალაქის მერი ახალგაზრდებს არც მოპოვებული წარმატების მისალოცად შეხვდა.

ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ეკატერინე დუგლაძის განმარტებით, სტუდენტებმა წერილი ყოფილი მერის ტარიელ თუთარაშვილის სახელზე შეიტანეს.

“წერილი ბატონი კახაბერის მერობის დროს არ შემოსულა, ის ბატონი ტარიელ თუთარაშვილის სახელზეა დაწერილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ტარიელ თუთარაშვილის აზრი არ ვიცით. ავტომატურად ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ყველა კითხვას რაც ტარიელის მიმართ იყო. ბიუჯეტში აღნიშნულისთვის თანხა არ იყო ჩასმული და ვერც იქნებოდა, რადგან ჩვენ სტიპენდიას ვერ დავნიშნავთ. სტიპენდიას ნიშნავს თავად უნივერსიტეტი. სამართლებრივად კანონი საშუალებას არ გვაძლევს. მსგავსი რამე პრაქტიკაში არ გვაქვს. ჩვენ საქმის კურსში ვართ იმიტომ, რომ საარჩევნო პერიოდში ბატონი კახა ამ ადამიანებს ხვდებოდა. რაც პრაქტიკაში იყო, ეს არის საჩუქრების გადაცემა, მათ შორის წიგნების, თუმცა საარჩევნო პერიოდში საჩუქრის კი არა დიპლომის გადაცემაც პრობლემას ქმნის. რაც შეეხება შეხვედრას, იყო საუბარი, თუმცა 14-ივე სტუდენტის თავმოყრა ვერ მოხერხდა,”-განაცხადა დუგლაძემ.

როგორც ადმინისტრაციულ სამსახურში აცხადებენ, მუნიციპალიტეტს გარკვეული ტიპის დახმარების გაწევა მხოლოდ სოციალურად დაუცველის სტუდენტებისათვის შეუძლია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *