ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ

დარბაზში მთარგმნელთან და და პოეტთან ლელა ფიროსმანიშვილთან შეხვედრა გაიმართა. მან მკითხველს საკუთარი თარგმანები წარუდგინა. ენ მარტინი – ,,ჩემს დასთან ცხოვრების ათი წესი”, ნილ გეიმანი – ,,კორალაინი” და ,,სასაფლაოს წიგნი”, ტრუმენ კეპოტი – ,,საუზმე ტიფანისთან”, უილიამ ბეროუზი – ,,შიშველი საუზმე”, პაულო კოელიო – ,,ადიულტერი” – ეს ის წიგნებია, რომელთა წაკითხვას ქართულად ლელა ფიროსამანიშილის თარგმანით შეძლებთ.

ვისაც ხიბლავს იდუმალებით მოცული, ჯადოსნური თავგადასავლები და ზოგადად, ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებები, აუცილებლად უნდა წაიკითხოს თანამედროვე ბრიტანელი მწერლის, გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ავტორის, ნილ გეიმანის ბესტსელერი “კორალაინი”, რომელიც უკვე რამდენიმე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა.
ქართულ ენაზე პირველად გამოცემული “კორალაინი” შეიძლება მკითხველისთვის შეუცვლელი თანამგზავრი აღმოჩნდეს საიდუმლო კარს მიღმა არსებულ პარალელურ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს ნამდვილს.

კიდევ ერთი წიგნი, რომელიც მთარგმნელმა წარადგინა არის “შეჭამე ბაყაყი”. როდესაც რაიმე უსიამოვნო, აუცილებელი და გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ჩვენ ვცდილობთ, თავი ავარიდოთ ამ საქმეს და ამ დროს უბრალოდ დროს ვკარგავთ; ემოციური დისკომფორტი და დაუსრულებელი საქმე კი გადაუჭრელ ამოცანად რჩება და სულ უფრო იზრდება. სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლის იარაღად იქცა ბრაიან თრეისის ბესტსელერი “შეჭამე ბაყაყი”, რომელშიც ეფექტიანი მართვისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს ამოიკითხავთ.

არანაკლებ საინტერესოა “სასაფლაოს წიგნი”, რომელსაც მთარგმნელმა სიცოცხლის დაბადებაც კი უწოდა. არავინ არავისია, რომელსაც მეგობრები ვინის ეძახიან,ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. კიდევ უფრო ჩვეულებრივი იქნებოდა, სასაფლაოზე რომ არ ცხოვრობდეს და მის აღზრდა-განათლებაზე მოჩვენებები არ ზრუნავდნენ. აბა რა უნდა ქნა, როცა ცოცხალთა სამყარო მოკვლით გემუქრება? არც სასაფლაოზეა ვინისთვის უცხო საფრთხე და თავგადასავლები, მაგრამ იქ არ უშვებენ კაცს, სახელად ჯეკს, რომელმაც ადრე ვინის მშობლები გაიტაცა. ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორის, ნილ გეიმანის “სასაფლაოს წიგნი” არ დატოვებს გულგრილს ფენტეზის მოყვარულებს.
განსაკუთრებით საპასუხისმგებლო აღმოჩნდა ლელა ფიროსმანიშვილისთვის  “შიშველი საუზმის” თარგმნა. რით არის ეს წიგნი ასეთი საინტერესო – არნახულად უჩვეულო შინაარსით? მისი თვითმიზნური პროვოკაციულობით? იქნებ ეს ერთგვარი პროვოკაციაა პროვოკაციისათვის? ერთიცა და მეორეც. მეოცე საუკუნე წარმოუდგენელია ბეროუზის გარეშე, ბეროუზი კი მეოცე საუკუნეში ვერ ეტევა სხვა დიდი ქრონონავტი მწერლებისა და პოეტების მსგავსად, რომლებიც თავიანთი ხედვებით საუკუნიდან საუკუნეში დააბიჯებენ: ის, რაც დრო გადის, უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ჯერ არასოდეს გინახავთ ცხოვრება ისე შიშვლად, როგორც ამ წიგნში, ისე ახლოდან, როგორც თქვენს ჩანგალზე წამოცმულ საუზმეს ხედავთ ერთი წამით ადრე, სანამ პირთან მიიტანდეთ; ჯერ არასოდეს გინახავთ ასეთი ამერიკა; ჯერ არასოდეს გინახავთ მსოფლგანცდა ასეთი პოსტმოდერნისტული მანერით გადმოეცეს ვინმეს, როგორც ეს უილიამ ბეროუზმა წარმოგვისახა “შიშველ საუზმეში”.

“მინდოდა ჩემი პატარა წვლილი შემეტანა იმაში, რომ ქუთაისი გამხდარიყო ლიტერატურული ცხოვრების ნაწილი. რათქმაუნდა ის სედაც არის ლიტერატურული ცხოვრების ნაწილი და ადრე უფრო მეტად იყო. მე გადავწყვიტე ჩემი თარგმანები წარმედგინა და იმედი მაქვს რომ ქუთაისელი ახალგაზრდობა სიხარულით მიიღებს ამ წიგნებს. დიდმა ნაწილმა მიიღო კიდეც და თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერზე. უფრო ფართო საზოგადოებას გვინდა გავაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ავტორები”,- აღნიშნა ლელა ფიროსმანაშვილმა.

წიგნები უკვე გაყიდვაშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *