განათლება
პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების დიპლომს გაუთანაბრდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი გაუთანაბრდება სრული ზოგადი განათლების დიპლომს, რაც ნიშნავს, რომ საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდები (მე-9 კლასი) პროფესიის შესწავლის პარალელურად ე.წ. სასკოლო საგნებს სრულად გაივლიან და სურვილის შემთხვევაში, ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. 

გარდა ამისა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს: არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას; პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.

| Print |