განათლება
სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი და ვაქცინაცია უპარტონო ძაღლებისათვის-იმერეთის სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების ინიციატივები
განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავალი თაობა" ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. გამოვლინდნენ წარმატებული სასკოლო სამოქალაქო კლუბები, მოსწავლეები და მასწავლებლები.

წარმატებულ საკლუბო ინიციატივებში ზესტაფონის სოფელ ილემის, ჭიათურის სოფელ ქვაციხისა და ბაღდათის სოფელ ვარციხის სკოლების სამოქალაქო კლუბები მოხვდნენ. პროექტის ფარგლებში, სოფელ ილემის სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, გზაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები მოაწყვეს. ქვაციხეში მცხოვრებმა მოსწავლეებმა სკოლის წინ ხელისუფლებას ხიდი შეაკეთებინეს, ხოლო ვარციხის სკოლის მოსწავლეების ინიციტივით, უპატრონო ძაღლებს სპეციალურ სამედიცინო პროცედურებსა და ვაქცინაციას პერიოდულად ჩაუტარებენ.

"სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვებმა მოაწყვეს სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები. პროექტზე მუშაობის ფარგლებში, ბავშვებს განუვითარდათ კვლევის, პრობლემების აღმოჩენისა და მათი გადაწყვეტის გზების მოძიების უნარი,"-განაცხადა ილემის საჯარო სოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ზვიად ნიქაბაძემ.

პროგრამა "მომავალი თაობა" სკოლებში სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.





| Print |