სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნად

პროფესიებთან თავსებადობის საკითხი შეისწავლა. კვლევა რვა სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითზე  ჩატარდა და  აღმოჩნდა, რომ პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას, შესაბამისი ბაზრის კვლევები არ ჩატარებულა. ანგარიშის მიხედვით,  არ არის გამოკვლეული შერჩეული საგანმანათლებლო მიმართლებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან.

ანგარიშში დასახელებულია შემთხვევები, როდესაც ისეთი დარგები, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალური გამოწვევაა, სტუდენტების დაბალი რაოდენობრივი მაჩვენებლებით ხასიათდება.

“აუდიტის ანგარიშში მოყვანილია ისეთი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური დოკუმენტით პრიორიტეტად აღიარებულ მიმართულებაზე სტუდენტების მიღება საერთოდ არ გამოცხადებულა. მაგალითისთვის, ასეთი იყო ვეტერინარიის პროგრამა, რომელზედაც ოთხი წლის განმავლობაში აუდიტის მოკვლევის ობიექტ უნივერსიტეტებს მიღება არ გამოუცხადებია. პრიორიტეტულ პროფესიებში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. ხუთი წლის განმავლობაში ამ პროგრამაზე მხოლოდ 51 სტუდენტი ჩაირიცხა. ასევე მოთხოვნად პროფესიაზე, გარემოს დიზაინერის სპეციალობაზე კი მხოლოდ 15 სტუდენტი სწავლობდა. საერთო ჯამში, პრიორიტეტულად აღიარებული პროფესიები ხუთი წლის განმავლობაში, აბიტურიენტების მცირე ნაწილმა, მხოლოდ 16% აირჩია. ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას კი აბიტურიენტებმა ასეთი პროფესიები საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად აირჩიეს, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შერჩეული მიმართულებები ვერ გახდა პოპულარული.”- წერია აუდიტის დასკვნაში. 

ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ პრიორიტეტულად აღიარა შვიდი მიმართულება – აგრარული, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, ასევე განათლება, ინჟინერია, მიმართულებათაშორისი სპეციალობები. უმაღლესი განათლებისა და შრომის ბაზრის თავსებადობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა. ანგარიში 2013-2017 წლებს მოიცავს.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვენის შესახებ ვრცელ მასალებს რადიო “ძველი ქალაქი” ეტაპობრვად შემოგთავაზებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *