აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტი ბექა

ძოწენიძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის CSI სტიპენდიანტი გახდა. სამართლის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა სტიპენდიის მიღებამდე ონლაინ სასწავლო პლატფორმა (www.e-learning.ge) საჯარო პოლიტიკის ანალიზის სასწავლო კურსი გაიარა და სამოქალაქო საზოგადოების კონკურსში შემდეგ ჩაერთო.

ქუთაისელი სტუდენტი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში 6 თვიან აზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

“რადგან კონკურსში ჩართვის ერთ-ერთი წინაპირობა, საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსის სერტიფიკატი იყო და მე ეს უკვე წარჩინებით მქონდა დასრულებული, აპლიკაციისა და კითხვარის შევსებისთანავე ჩავთვალე, რომ გამარჯვების შანსი მქონდა. როდესაც გავიგე, ძალიან გამიხარდა. რადგან შესაძლებლობა მომეცა, რომ პრაქტიკაში გამოვიყენო საჯარო პოლიტიკის სასწავლო პროგრამის ფარგლებში თეორიული თვალსაზრისით მიღებული ცოდნა. ასევე განვივითარო ახალი უნარები და შევიძინო ახალი გამოცდილება”.- ამბობს ბექა ძოწენიძე.

სტაჟირების პროგრამა მესამედ გამოცხადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგისა და პოლიტიკის დიალოგში გასააქტიურებლად” ფარგლებში. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარების და დასაქმების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ბექა ძოწენიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემფასებლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია. გავლილი აქვს: კონრად ადენაუერის ფონდის პოლიტიკური განათლების აკადემია; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის EECMD დემოკრატიის სკოლა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სერტიფიცირებული პროგრამა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *