,,ბოლო დღეების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაცია

საქართველოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის ახალი სახელის მინიჭების კანონპროექტთან დაკავშირებით.”- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია ქალაქში მშენებარე უნივერსიტეტის შესახებ.  დეპუტატი მიჩნევს, რომ ეს უნივერსიტეტი ქუთაისის სავიზიტო ბარათი გახდება მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში.

,,უნდა აღნიშნოს, რომ საუნივერსიტეტო კომპლექსის სახელის ცვლილება არის ტექნიკური ხასიათის ღონისძიება. სახელწოდება, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, არათუ აკნინებს პროექტის მნიშვნელობას და მასშტაბებს, არამედ ამ შემთხვევაში სახელშივე ხდება უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსის დეკლარირება.

მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ამასთან ის იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი, მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდება საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიო საგანანმანათლებლო სივრცეში და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ვიწროპარტიული ინტერესებით დეტერმინირებულები, ცდილობენ საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების დისკრედიტაციას.”- აცხადებს ირაკლი შენგელია. 

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია თბილისში 18 სექტემბერს გაიმართა. 19 სექტემბერს კი სამშენებლო მოედანი  ფონდ “ქართუს” წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის რექტორმა და გერმანელმა მეცნიერებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტის პირველ ფაზაში 170 000 კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და სასადილოს მოიცავს. მომდევნო ეტაპზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი  2020 წლის სექტემბერში უნდა მიიღოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *