ქუთაისში, სახალხო დამცველის ოფისში, 24 ოქტომბერს,  ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში

“ნატოს სკოლა 2019” გაიხსნა. სკოლაში ქუთაისის 20 საჯარო სკოლის ამდენივე მოსწავლე სწავლობს. მსმენელები ორი დღის მანძილზე გაეცნობიან ნატოს შექმნის ისტორიას, საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ეტაპებს და იმ მითებს, რაც საზოგადოებაშია გავრცელებული. ორდღიანი ტრენინგის შემდეგ სკოლის მონაწილეები მოამზადებენ თემატურ პრეზენტაციას და თანატოლებს თავად მიაწოდებენ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებ.

სკოლა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მიერ არის ორგანიზებული, რომლის პარტნიორია ქალაქ ქუთაისის საკრებულო. სკოლის გახსნას მოწვეული ექსპერტი ნათია გვენეტაძე, ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თავლთვაძე დაესწრნენ.

ნატოს დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე. მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *