1 ნოემბერს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო

სამეცნიერო კონფერენცია ,,ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში” გაიხსნება. კონფერენციაში მონაწილეობს 250 – ზე მეტი მომხესენებელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: საქართველო, აშშ, გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ინდოეთი, მაკედონია, ირანი, ტაივანი, ლიეტუვა, ნიგერია, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

მონაწილეებს, დამსწრე საზოგადოებას და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ: როლანდ კოპალიანი – აწსუ რექტორი გიორგი ჭიღვარია – ქუთაისის მერი, გენადი მარგველაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი და სხვა საპატიო სტუმრები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე წარუძღვება დისკუსიას “ქალაქების გამოწვევები და შესაძლებლობები გლობალურ სამყაროში”.
კონფერენციაზე მრავალფეროვან ტრადიციულ ჰუმანიტარულ მიმართულებებთან ერთად იმუშავებს ჰუმანიტარული ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და პოსტჰუმანიზმის მიმართულება; პანელური დისკუსიები – ჰუმანიტარული მეცნიერებები და რელატივიზმი (ევგენ ზელენაკი, პავოლ ლაბუდა, მილოშ ტალიგა, სლოვაკეთი); ცხოვრება ანთროპოცენის ეპოქაში: რეაქციები ფილოსოფიაში ბიოლოგიასა და ლიტერატურაში (ჯეიმზ კოსტა, დეივიდ ჰენდერსონი, ბრაიან რეილსბეკი, აშშ); ჩატარდება პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევის უახლესი შედეგების გამოფენა-პრეზენტაცია: ძველი ქუთაისის არქეოლოგიური გათხრების შედეგები, პალეობოტანიკური ანალიზი და კვლევის მეთოდოლოგია.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია: ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმება: ქალაქ ქუთაისის მუნციპალიტეტის მერიას, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტიტეტსა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის; გრაცის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან; სლოვაკეთის რუჟომბეროკის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან, ნიკოლოზ წულუკიძის მონო-სპექტაკლი: ქართული თეატრის ამბავი, მასტერკლასი: “ჟურნალისტისა და რესპოდენტის ურთიერთობის თანამედროვე გამოწვევები”,  ფოტოგამოფენა “ქუთაისი – უძველესი ევროპული ქალაქი” (დ. მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი), რევაზ კლდიაშვილის წიგნის “ბიზანტიის დედოფალი” პრეზენტაცია, პრეზენტაცია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში – ქუთაისის არქეოლოგიის 55 წელი. 

საერთაშორისო კონფერენცია 2 ნოემბერს დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *