COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი

შეჩერებულია. განათლების სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, სკოლამ მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო მასალების მიწოდება დისტანციურად უნდა უზრუნველყოს.

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქუთაისის სკოლებში კლასის დამრიგებლები და პედაგოგები ინფორმირებული არიან და მათ მოსწავლეებთან დისტანციური ურთიერთობის საშუალება აქვთ. რაც შეეხება საგაკვეთილო პროცესის ონლაინ რეჟიმით წარმართვას, ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ამის რესურსი ყველა სკოლას ან მოსწავლეს ვერ ექნება.

“გადავიდეთ დისტანციურ სწავლებაზე, ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. რეკომენდაციები მიწოდებულია სამინისტროდან სკოლებში. ეს იქნება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, თუ როგორ შეძლებს სკოლა იმის მიხედვით, რა რესურსიც გააჩნია, რომ მოსწავლეები მოამზადონ და მიაწოდონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციის გათვალისწინებით. ეს იქნება საკითხავი ლიტერატურა, შემეცნებითი აქტივობები, კვლევითი პროექტები, ონლაინ პლატფორმები, თემატური დავალებები და ა.შ. ის, რომ უმოძრაოდ არ ვიყოთ ამ ხნის განმავლობაში, გარკვეული რეკომენდაციები სამინისტროს მხრიდან გვაქვს. თუმცა, ონლაინ გაკვეთილები შეიძლება არ იყოს ყველა სკოლისთვის ან ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი,”-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოების პირველი ეტაპი ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *