ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის

გამოცდის პირველი სესია დასრულდა. ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ამბობენ, რომ პირბადეების ტარება სავალდებულოა იმ საგამოცდო სექტორებში, სადაც კონდიციონერი მუშაობს, ხოლო სხვა შემთხვევაში აბიტურიენტს გამოცდაზე ყოფნა პირბადის გარეშე შეუძლია. მათივე თქმით, სექტორებში ათ აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება. აბიტურიენტებისათვის საგამოცდო სექტორში შესვლამდე დისტანციის დაცვა, პირბადის ქონა და ხელების დეზინფექცია სავალდებულოა. საგამოცდო ცენტრთან განთავსებულია სპეციალური ნიშნულები ორ მეტრიანი დისტანციის დასაცავად.

“წესები რთული დასაცავია. დამკვირვებლები ხშირად მიგვითითებდნენ წესების დაცვისკენ. საგამოცდო სექტორშიც სიმკაცრეა. ცოტა ცხელოდა. შარშანდელთან შედარებით, ვფიქრობთ ტესტები შედარებით მარტივი იყო. რაიმე ხარვეზი არ ყოფილა. დისტანცია, პირბადე და ხელების დეზინფექცია აუცილებელია,”-ამბობენ აბიტურიენტები.

საგამოცდო ცენტრთან შეკრებილი იყვნენ აბიტურიენტების მშობლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები. მათი თქმით, პანდემიის ფონზე აბიტურიენტებისათვის გამოცდა რთული ჩასაბარებელია.

“ვერ შევიკავებდი თავს, რადგან ჩემთვის ეს სანერვიულოა. დისტანცია დაცული იყო და ყველაფერი წესრიგში იყო. ჩამოსული იყო პრეზიდენტიც,”-ამბობს დიანა მამასახლისი.

7 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *