სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დაიწყება. როგორც

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, სწავლის გადადება არ იგეგმება. სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზადება მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლებში.

სწავლის დაწყებისათვის ემზადება ქუთაისში არსებული 38-ვე საჯარო სკოლა. როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს უკვე დაეგზავნათ და ახლა მიმდინარეობს ინსპექტირება. 38 საჯარო სკოლიდან შრომის უსაფრთხოების შემოწმებისთვის ყველა რეგისტრირებულია და შემოწმების პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება.

“გათვალისწინებულია 1-მეტრიანი დისტანცია მოსწავლეებს შორის. ასევე, უნდა გვყავდეს პასუხისმგებელი პირი სკოლებში, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეების გადაადგილებას, სკოლაში ვიზიტორთა დაფიქსირებას, ტემპერატურის გასინჯვასა და ა.შ. საჯარო დაფაზე გამოკრული უნდა იყოს ბრძანება საგანგებო მდგომარეობის შესახებ. დეზობარიერები და სხვა საჭირო ინვენტარი ყველა სკოლას დაეგზავნა სამინისტროს მიერ. პირბადეების ტარება მოსწავლეებისათვის სავალდებულო არ არის, სავალდებულოა მასწავლებლებისათვის, რომელსაც შეუძლია გაკვეთილის ახსნის დროს პირბადე მოიხსნას. ასევე, სკოლის ადმინისტრაციისთვის და სხვა ვიზიტორებისთვის. ჩვენი ინფრასტრუქტრული მდგომარეობიდან გამომდინარე, შევეცადეთ ნაკადი მოგვეწესრიგებინა და 1-დან 4 კლასის ჩათვლით გვაქვს ვალდებულება სწავლა სკოლებში განხორციელდეს, ხოლო მეოთხე კლასის ზევით შეგვიძლია გამოვიყენოთ დისტანციური სწავლება. ეს უფრო განტვირთავს ნაკადის მართვას. ყველა სკოლამ ინდივიდუალურად განახორციელა სასწავლო პროცესის დაგეგმარება. ამ ეტაპზე სკოლებში მზაობა გვაქვს, დანარჩენს კი შიდა სასკოლო სასწავლო პროცესი გვიჩვენებს,”-ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

ქუთაისის საჯარო სკოლებში 2 791 პირველკლასელია რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *