ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა 5 ოქტომბერს

დაიწყება. 21-25 სექტემბერს კი სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ აკადემიური ორიენტაციის ონლაინ სესიებში. 1-3 ოქტომბრამდე იგეგმება სტუდენტების მიღება-დაბინავება KIU კამპუსზე. ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) წელს 1112 სტუდენტი დარეგისტრირდა და 246 სტუდენტმა ჩააბარა.

“რეიტინგის მიხედვით ყველაზე პოპულარული წელს KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა აღმოჩნდა. სწორედ ამ პროგრამაზე ჩაირიცხა წელს ყველაზე მეტი სტუდენტი. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტის  პროგრამა და ბოლოს მათემატიკა. საინტერესოა, რომ მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35% გოგონაა, რაც მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა. უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90%-მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78%-მა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება,”-ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თავდაპირველად 60 000 სტუდენტზე უნდა ყოფილიყო გათვლილი. მოგვიანებით განაცხადეს, რომ უნივერსიტეტი მიმდინარე სასწავლო წელს 1 000 სტუდენტს მიიღებდა.

უნივერსიტეტის მშენებლობას ფონდი “ქართუ” აფინანსებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *