15 თებერვლიდან ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი

განახლდება, თუმცა, უცნობია როდის შეძლებენ მშობლები შვილების ბაღში მიყვანას. საბავშვო ბაღების ფუნქციონირების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე მთავრობაში ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ, მაგრამ ირწმუნებიან, რომ პროცესი ეტაპობრივად განახლდება.

ანა გაბუნია 4 წლის დამიანეს დედაა. ანა ამბობს, რომ დამიანე მალე 5 წლის გახდება და თუ საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება არ განაახლა, ბავშვები სკოლისთვის თითქმის მოუმზადებელი იქნებიან. თუმცა მშობლისთვის არის მეორე საკითხიც, რამდენად უსაფრთხო იქნება ბაღები. ანა ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა და ბაღების დახურვის შემდეგ ბავშვის დატოვების პრობლემა მას არ შექმნია, მაგრამ თანატოლების გარეშე დარჩენა მცირეწლოვნებზე უარყოფითად აისახა.

“მუდმივად სახლში, არანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან, არანაირი სწავლა-განათლება, 1 წელი ბავშვი სახლში ზის. ისეთ ასაკში არიან ბაღის ბავშვები ყველაფერს ახლა შეისწავლიან. ასწავლი სახლში ბევრ რამეს, მაგრამ ბაღი აუცილებელია მათთვის. იქ სხვა მეთოდებით მიმდინარეობს დღის განრიგი. მართალია, საშიში იყო და არის ჯერ ისევ ბაღების დაწყება, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია ბავშვებისათვის ცოტა მოწყდნენ ამ ჩაკეტილობას. უნდათ ბავშვებთან ურთიერთობა, კონტაქტი. მიხარია ის, რომ სადაც ჩემი შვილი სწავლობს კონტროლდება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დილით მიყვანილ ბავშვებს თუ ოდნავ სურდოს შენიშნავდნენ ან მოთენთილობას, ბავშვს ბაღში არ იტოვებდა პედაგოგი და ვფიქრობ, ამ მეთოდებს თუ ყველა ბაღი გამოიყენებს ნაკლებ საფრთხე იქნება ბავშვებისათვის,”-ამბობს ანა გაბუნია.

6 წლის სანდროს მშობელს, მაია სურმავას ბაღების ფუნქციონირების აღდგენის შემთხვევაშიც, ურჩევნია ბავშვი სახლში დარჩეს, რადგან თვლის, რომ ბაღების გახსნა ნაადრევია, რადგან პანდემია დამარცხებული არ არის, ბაღებში კი ბავშვთა სიმრავლის გამო ყველა რეკომენდაცია სრულყოფილად დაცული ვერ იქნება. 

“ჩემი ბავშვი ბაღის დამამთავრებელ ჯგუფშია და მესმის, რომ მისი თვალსაწიერის გაფართოებისა და სოციალიზაციისთვის აუცილებელია ბაღი, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ოჯახი ზრუნავს ბავშვის თვალსაწიერის გაფართოებისა და განათლებისთვის. რაც შეეხება სოციალიზაციას, ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად დგას, თუმცა აქაც ვცდილობთ ჰქონდეს კომუნიკაცია და არ მიეჯაჭვოს გაჯეტებს. გახსნის შემდეგ ჰიგიენის იმ ხარისხით დაცვა შეუძლებელია იმ რაოდენობის ბავშვებთან, რა რაოდენობის ბავშვიც იყრის თავს თითოეულ ჯგუფში. ჰიგიენა პანდემიის პერიოდში გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამიტომ არ ვარ მომხრე ბაღების დაწყების,”-ამბობს მაია სურმავა.

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება გასული წლის მარტის თვეში შეაჩერა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *