ქართულ-გერმანული ცენტრის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტიპენდიები გადაეცათ.

დაფინანსება ჯამში 40-მა სტუდენტმა მიიღო. კომპანია მეიჯერელისა და ქართულ-გერმანული ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე მეიჯერელი ბენეფიციარებს სწავლის 60 პროცენტს დაუფინანსებს.

,,სტიპენდია როგორც თბილისელ, ასევე ქუთაისელ სტუდენტებს გადაეცათ. პირველ ეტაპზე გვქონდა ზეპირი და შემდეგ წერილობითი გასაუბრება, ამის შემდეგ ქართულ-გერმანული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად შევჯერდით რომელი 40 სტუდენტისთვის გადაგვეცა სტიპენდია,’’-ამბობს კომპანია მეიჯერელის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, სოფო რუხაძე.

ბენეფიციარებს გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში შეხვდა. შეხვედრა ქუთაისის ოფისში გაიმართა. ელჩმა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთაშორისი ურთიერთობაა, რომელიც მეორე ქვეყნის ენის შესწავლით იწყება. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველოს ადგილის განსაზღვრას მსოფლიოში.

,,ყოველთვის სასიამოვნოა ქუთაისში ყოფნა. ეს არის ქალაქი, რომელსაც ხანგრძლივი და საამაყო ურთიერთობა აქვს გერმანიასთან. ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო და ლამაზი ადგილი ჩემთვის ქუთაისში არის ქართულ–გერმანული ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ მაღალ დონეზე შეისწავლონ გერმანული ენა. დღეს შევხვდი რამდენიმე მათგანს და ვისაუბრეთ მათი მომავალი გეგმების შესახებ. ახალგაზრდები საუბრობდნენ თავიანთი სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ გერმანიაში, მაგრამ აღნიშნავდნენ, რომ სურვილი აქვთ, თავიანთი უნარები შემდეგ ისევ საკუთარ სამშობლოს მოახმარონ. ქართულ–გერმანულ ურთიერთობებს ბევრი განზომილება გააჩნია, მაგ. არსებობს ეკონომიური თანამშრომლობა, პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვაფინანსებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ორი ქვეყნის ურთიერთობაში არის ადამიანთაშორისი ურთიერთობა, რომელიც იწყება უპ. ყოვლისა, მეორე ქვეყნის ენის შესწავლით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბევრი ქართველი ახალგაზრდა დაინტერესებულია გერმანულის შესწავლით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული პატივია. განსაკუთებით აღსანიშნავია, რომ კერძო სტრუქტურა, ქართულ–გერმანულ ცენტრი ამ თვალსაზრისით ძალიან წარმატებულია, წლების მანძილზე აქ უამრავმა ახალგაზრდამ შეძლო, ესწავლა გერმანული ენა,’’-ამბობს ჰუბერტ ქნირში.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *