უამრავი მოთხოვნისა და სამინისტროსთვის არაერთი მიმართვის შედეგად, სპეციალურ მასწავლებლებს, კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა მიეცათ.

სპეც.მასწავლებლები გამოცდას დღეს აბარებენ. საგამოცდო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებლები, უფროსი სპეციალური მასწავლებლის კომპეტენციას მიიღებენ და მათი სტატუსი უფროსი მასწავლებლის სტატუსს გაუთანაბრდება, რაც ანაზღაურებაშიც გამოიხატება. სპეციალური მასწავლებლის ანაზღაურება მოსწავლეთა რაოდენობაზეც იქნება დამოკიდებული.

,,წლების მანძილზე ვიბრძოდით, რომ ეს გამოცდა დანიშნულიყო. სამი ღია წერილი მივწერეთ მინისტრს, მივმართეთ განათლების კომიტეტს და მიზანს მივაღწიეთ. დიდი იმედი მაქვს, ყველა ჩვენგანი გამოცდას წარმატებით ჩააბარებს. ამ გამოცდის მიზანია, რომ ავიმაღლოთ კვალიფიკაცია, რათა ჩვენი კომპეტენციის საშუალებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეებს საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრაციაში დავეხმაროთ,’’– ამბობს სპეციალური მასწავლებელი, მარიამ გოდუაძე.

ნინო შენგელია უკვე წლებია სამტრედიის ერთ-ერთ სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან მუშაობს. გამოცდის დაწყებამდე ნერვიულობდა, რადგან არ იცოდა რა ტიპის სამუშაო შეხვდებოდა.

,, ეს გამოცდა პირველად ტარდება და არ ვიცით რა დაგვხდება. მართალია, naec.ge-ზე ნიმუშები დაიდო, მაგრამ რადგან ახალია, ბოლომდე მაინც არ ვართ გარკვეულები. ზოგ რაიონში პრეტესტებიც ჩატარდა, ზოგან არა. სავარაუდოდ, იმ პრეტესტებშიც იქნება ცვლილებები და დასრულებულ სახეს გამოცდაზე მიიღებს,’’-ამბობს ნინო შენგელია.

სპეციალური მასწავლებლის ხელფასის მოსწავლეთა რაოდენობაზე მიბმა მას უსამართლობად მიაჩნია და ამბობს, რომ ეს დისკრიმინაციაა.

,,ზოგს სპეც.მასწავლებელს ხუთი მოსწავლე ჰყავს, ზოგს ერთი, მაგრამ შეიძლება იმ ერთთან იმდენი სამუშაო იყოს შესასრულებელი, რაც ხუთთანაც არ იყოს საჭირო. ჩვენი პროფესია დიდ შრომას მოითხოვს და ერთი მოსწავლისთვისაც ადაპტირებული მასალის შექმნა და შემდეგ მისი ათვისება, დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. ასე რომ, არასწორია, როცა ხელფასს მოსწავლეთა რაოდენობით განსაზღვრავენ,’’-ამბობს ნინო შენგელია.

რაც შეეხება წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლის სტატუსს, ამ გამოცდის ჩატარება სამომავლოდ იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *