დღეს, პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.

“ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ჩხენკელს იმ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით ჰკითხა, რომლებიც სკოლას უკავშირდება.  

კერძოდ, დეპუტატმა ია კერზაიას, ლუკა სირაძისა და დათუნა სარალიძის საქმეები ახსენა. 
ნაცვლიშვილმა მინისტრს ჰკითხა, როგორც განათლების მინისტრმა,  რა გაკვეთილი გამოიტანა ამ საქმეებიდან და 
რა გააკეთა იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. 

„კითხვა მაქვს კონკრეტული – რა გააკეთეთ იმ სამი, ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სკოლას.
ეს არის ია კერზაიას, ლუკა სირაძისა და დათუნა სარალიძის საქმე. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ საქმეებიდან და რა გააკეთეთ, რომ მსგავსი უმძიმესი და ფატალური შედეგებით დასრულებული საქმეები აღარ იყოს. იმედია, ამ დარბაზში არ გაიმეორებთ, რომ სარალიძის მკვლელობა გარეთ მოხდა.“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის  შეფასებით, მინისტრის შემოსვლამდე, მისი გუნდის წევრებმა მხარი დაუჭირა თანამდებობზე ადამიანებს, 
რომლებიც განათლებით და კვალიფიკაციით არ გამოირჩევიან.

„ძალიან ცინიკურად მოგექცათ საკუთარი გუნდი. თქვენს შემობრძანებამდე დარბაზში ძალიან მკაფიო გზავნილი გაიგზავნა აქედან, რომ განათლებას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს.რამდენიმე წუთით ადრე თქვენმა გუნდმა მხარი დაუჭირა ყველაზე მაღალ თანამდებობებზე ადამიანებს, რომლებიც არც განათლებით და არც კვალიფიკაციით არ გამოირჩევიან.

ახლა რაც შეეხება თქვენს მოხსნებას – კარგია ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და ბირთვულ კვლევებში ჩვენი ჩართულობა. მაგრამ აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება? ბირთვულ კვლევებსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე გვესაუბრებით, როცა თქვენ ხართ განათლების მინისტრი იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდი ნაწილში ტუალეტში არ არის წყალი; ბავშვები სხედან მშივრები, იმ განათლების მინისტრი ხარ, სადაც ბევრი ბავშვი ძალადობისა და სოციალურად დაუცველობის გამო, იძულებულია, დატოვოს განათლების სისტემა.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *