ბაგა-ბაღებში Covid-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება
ბაგა-ბაღებში Covid-19-ის დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები შემუშავდა.

"შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები, ამის გათვალისწინებით, თუ ბაღის სივრცეში კოვიდი დაფიქსირდა, ასეთ შემთხვევაში სრულად კარანტინში ბაღის გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება.
თუ ინფიცირებული არის ბავშვი, გადავა მთელი ჯგუფი კარანტინში და არა მთელი ბაღი. დაავადებულთა კონტაქტში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ყველა პირი გადავა იზოლაციაში, დანარჩენები გააგრძელებ სააღმზრდელო საქმიანობას.
თუ პედაგოგი დაინფიცირდა და მას სხვა პედაგოგებთან ჰქონდა მაღალი რისკის დაუცველი კონტაქტი, ასეთ შემთხვევაში გადაწყდება სრულად გადავიდეს თუ არა ბაღი კარანტინში, რადგან საქმე რამდენიმე პედაგოგს ეხება.
თუ დამლაგებელი გახდა ავად, ჩატარდება ეპიდმოკვლევა, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დამლაგებელთან კონტაქტში მყოფი პირი მაღალი რისკის მქონედ და რა შემთხვევაში დაბალი რისკის მქონედ.
მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარებიან თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს; მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას/კარანტინს იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი იქნება ექსპოზიციიდან (ინფიცირებულთან კონტაქტიდან) მე-3 და მე-5 დღეს COVID-19-ის სწრაფი ტესტის ჩატარება, დაავადების სიმპტომებისა და პირბადის სათანადოდ გამოყენების მონიტორინგი.

დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე); არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება,"- ნათქვამია დოკუმენტში.



| Print |