ქუთაისში პროექტის ,,ახალგაზრდა ელჩები ქუთაისის განვითარებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი ,,სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის ცენტრის” ინიციატივით და ორგანიზებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აპლიკაციების შევსების შედეგად ქუთაისის მასშტაბით 24 ახალგაზრდა შეირჩევა, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს შემდეგ თემებზე: ადგილობრივი თვითმმართველობა, პროექტების წერა და მართვა, ადვოკატირება და სხვა. პროექტის შემდეგ ეტაპზე ახალგაზრდებს უკვე შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ საკუთარი იდეები, რომლებიც მიმართული იქნება ქალაქში არსებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. დაფინანსდება არანაკლებ 3 იდეა, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2100 ლარია.

,,პროექტის მიზანია ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების თავმოყრა და მათი მრავალფეროვან, საინტერესო აქტივობებში ჩართვა. Პროექტის პირველი ნაწილი თეორიული ხასიათისაა, რომელიც ტრენინგებს მოიცავს, მეორე ნაწილში კი ახალგაზრდები თავიანთ იდეებს განახორციელებენ,’’-ამბობს პროექტის მენეჯერი, თეონა ფურცვხვანიძე.

პროექტი ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში მიმდინარეობს.

,,მსგავსი ტიპის პროექტებს ქუთაისის მერია ყოველთვის დააფინანსებს. ვფიქრობთ, ამ პროექტის დასასრულს კარგ შედეგს მივიღებთ. პროექტი გათვლილია ახალგაზრდებზე. ეს ახალგაზრდები უზრუნველყოფენ ქალაქში არსებული სერვისების, საჭიროებების ასევე თავიანთი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას და გადასცემენ ინფორმაციას სხვა ახალგაზრდებს. ისინი იქნებიან ელჩენი, იქნებიან რგოლი ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის,’’-ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ახალგაზრდობის განყოფილების წარმომადგენელი, ლანა სვანიძე.

პროექტი ოთხი თვის განმავლობაში განხორციელდება. შეირჩევიან 16-დან 25 წლის ჩათვლით ახალგაზრდები. 

აპლიკაციების მიღება 26 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *