წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13 სტუდენტი ჩაირიცხა
აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე წელს 1918 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 100%-იანი დაფინანსება 13-მა, 70%-იანი 39-მა, ხოლო 50%-იანი გრანტი 122-მა სტუდენტმა მოიპოვა.


წერეთლის უნივერსიტეტს მიღება წელს 2000-ზე სტუდენტზე ჰქონდა გამოცხადებული.


,,100%-იანი შევსება არ გვაქვს, თუმცა წინა წელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. წელს, დაახლოებით, 200 სტუდენტზე მეტს მივიღებთ, ვიდრე წინა წელს. გარდა ამისა, ამ დროისთვის 220 მობილობის განცხადებაა შემოსული, კიდევ ერთი დღე დარჩა და სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელიც მოიმატებს. წლევანდელი მიღება ბოლო პერიოდისთვის საუკეთესოა. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გვქონდა კარგი მიღება, მათ შორის, ისეთ სპეციალობებზეც, რომლებიც სტუდენტების დეფიციტით გამოირჩეოდა: გერმანულზე, აღმოსავლურზე, ფრაგულზე. Ერთადერთი რუსული ენა და ლიტერატურაა, სადაც მხოლოდ 3 სტუდენტია ჩარიცხული. 100%-იანი გრანტი 13-მა აბიტურიენტმა მიიღო, წინა წელთან შედარებით ეს შედეგიც გაუმჯობესებულია. Შარშან სრული დაფინანსება 6-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. გარდა ამისა, გვაქვს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული კონკრეტული პროგრამები და წელს 900-ზე მეტი ადგილი იყო გამოყოფილი სტუდენტებისთვის, რომლებსაც ამ პროგრამებზე სწავლა სურდათ. ეს ადგილები სრულად ვერ შეივსო, ამიტომ სხვა პროგრამებზე გადავანაწილებთ, -ამბობს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე.


პირველკურსელების რეგისტრაცია 6 სექტემბრიდან დაიწყება და 23 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.


ონლაინ და ჰიბრიდული სწავლების ნაცვლად, სასწავლო პროცესი ისევ აუდიტორიებში გადაინაცვლებს.


სექტემბრის მეორე ნახევარში სამაგისტრო და სადოქტორო გამოცდები დაიწყება.


ამ ეტაპზე წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 ფაკულტეტია და სამივე საფეხურზე (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ჯამში 8500 სტუდენტია ჩარიცხული.



| Print |