სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო წლის დაწყებამდე

სკოლებისა და საბავშვო ბაღების კვების ბლოკები შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, გადამოწმდა სურსათის უვნებლობის სტანდარტები და კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
“სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული აქტიური კონტროლის და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია. აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად შემცირდა დარღვევების რაოდენობა. ჩვენი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. 2015-2016 წლებში კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში უვნებლობის სტანდარტების დაცვა სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, სახელმწიფო კონტროლი ამ მიმართულებით გაგრძელდება” – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ კახა სოხაძემ.
საჯარო და კერძო სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოწმდება სურსათის უვნებლობა, ობიექტის ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქციის ვადიანობა და ეტიკეტირება.
2016 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებში 1505 შემოწმება განახორციელა, მათ შორის 998 – საბავშვო ბაღში და 507 – სკოლაში. დარღვევების გამოვლენის შედეგად დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი (15 ბაღი და 8 სკოლა), რომლებსაც შეუსაბამობების გამოსასწორებლად ვადა მიეცათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკებს 2013 წლიდან ამოწმებს.2014 წელს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 4 სკოლის ბუფეტს. 2015-2016 წლებში კი კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *