წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. სასწრაფო სამედიცინო

დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალს ღირსეული სამუშაო გარემო ჰქონდეს. 

,,არასდროს ამ სამსახურს საკუთარი შენობა არ ჰქონია.მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პერსონალს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები. ხვალ ვაპირებთ ვანის სასწრაფო დახმარების ცენტრი გაიხსნას. ეს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. შარშან გავხსენით რამდენიმე შენობა. მომავალშიც გავაგრძელებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სასწრაფო დახმარების სამსახურს ექნება ახალი შენობა.”- განაცხადა თალაკვაძემ. 

იმერეთი სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, ახალი შენობების მოწყობასთან ერთად მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების გადამზადებაც.  

,,მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ სამედიცინო მომსახურეობა და ჩვენ ავაშენეთ სამი ახალი სასწრაფოს შენობა. შარშან რამდენიმე ათეული ამბულატორიული ცენტრი გავარემონტეთ სოფლებში. მიმდინარეობს სოფლის ექიმების გადამზადება და ეს პროცესი გაგრძელდება შემდგომშიც.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. 

წყალტუბოში სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობის ასაშენებლად 262 452 ლარი დაიხარჯა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. 

ახალი შენობა აქვს თერჯოლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსაც. სამუშაოები აქ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 233 ათასი ლარით დაფინანსდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *