ქუთაისში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების მართვასთან და მასში საზოგადოების ჩართულობასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები-საქართველო’’ იყო. შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების შეჩერების სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის დასახვაზე ისაუბრეს. კონფერენცია პროექტ ,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ეროვნული კლიმატის პოლიტიკის განხორციელებაში’’ ფარგლებში გაიმართა.

 

,,ვისაუბრეთ საზოგადოების ჩართულობაზე კლიმატის პოლიტიკის საკითხებში. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ კლიმატის ცვლილების შეჩერებასთან დაკავშირებით დოკუმენტი მიიღო, მასში ჩართული იყო სამოქალაქო სექტორიც. ვისაუბრეთ როგორ უნდა ჩავერთოთ მეტად აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში და როგორ უნდა მოხდეს მონიტორინგი ამ გეგმის შესრულების, კლიმატის ცვლილების მართვასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ’’-აღნიშნა პროგრამის კოორდინატორმა, რუსუდან სიმონიძემ.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

,,კლიმატის ცვლილება მსოფლიოს წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. საქართველოშიც დგას ეს პრობლემა. მნიშვნელოვანია, რომ ფაბრიკა-ქარხნებში, რომლებიც ეროვნულ პროდუქციას ქმნიან, იყოს სპეციალური დანადგარები, რომ მათ მიერ გამოტყორცნილმა მავნე აირებმა გარემოს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს. ასევე საჭიროა გამართული ტრანსპორტი, რათა მათმა გამონაბოლქვმა ადამიანის ჯანმრთელობა არ დააზიანოს.  ნახშირორჟანგის რაოდენობის ზრდა ისე უნდა მოხდეს, რომ გარემოს შთანთქმელებიც ჰქონდეს, ასევე მნიშვნელოვანია ტყის რესურსი. ამ ყველაფერზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს მასში,’’-ამბობს ,,იმერეთის მხარეთმეცნიერთა კავშირის” წარმომადგენელი, ლალი გამყრელიძე.

,, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის შედეგად დედამიწაზე ყველაფერი შეჩერდა, არ  კლიმატის ცვლილება არ შეჩერებულა. აუცილებლად უნდა ვიყოთ მეტად ამბიციურები. ჩვენი საქმიანობა ენერგოეფექტურობისკენ უნდა იყოს მიმართული. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზის, ქარის წყლის, ენერგია, რომ ამ ენერგიების წიაღისეულიდან მოპოვება არ მოგვიხდეს. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილებას 2050 წლამდე 35 პროცენტით შეამცირებს,’’ -ამბობს 350.org-ის წარმომადგენელი, ნუგზარ კოხრეიძე.

პროექტი ,,დედამიწის მეგობრები-გერმანია(BUND)’’-სთან თანამშრომლობითა და გერმანიის ფედერეციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნებრივი, კონსერვაციის და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (BMU) მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *