"ზეწოლის ქვეშ ვართ, შენობასთან 24 საათის განმავლობაში პოლიცია დგას"-გუგუნავას #12-ში მცხოვრებლები
ქუთაისში, გუგუნავას # 12-ში მცხოვრები დევნილი ოჯახები მერიის თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ მერია მათ შენობიდან გაყვანას პოლიციის ძალით აპირებს. ამის თქმის საფუძველს მათ ის ფაქტი აძლევთ, რომ შენობასთან დაცვის პოლიციის თანამშრომლები 24-საათის განმავლობაში დგანან.

,,მოვიდა ბატონი არაბიძე და მოყვა დაცვის პოლიცია,იარაღებით იყვნენ მოსული. გვეუბნებიან შენობას რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს და თქვენ უნდა დატოვოთ, ქირით გადაგიყვანთო. ასევე არის საუბარი იმაზე,რომ დევნილთა სამინისტრომ ბინით უზრუნველგვყოს, მაგრამ არ ვიცით ეს როდის მოხდება. გვეშინია მთლად უსახლკაროდ არ დავრჩეთ, ამიტომ აქედან გასვლა არ გვინდა.არაბიძემ გვითხრა სულ ცეკვა-ცეკვით გახვალთო. ვითომ ძალას გვაჩვენებს პოლიცია რომ მოჰყავს,-ამბობს გუგუნავას 12-ში მცხოვრები, გია უგრეხელიძე.

ქუთაისის მერიაში ზეწოლას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ისინი არავის ემუქრებიან. მხოლოდ მშვიდობიანი მოწოდებებით შემოიფარგლებიან .საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, მერია დევნილებს შენობის რეკონსტრუქციის პერიოდში ქირით გაყვანას სთავაზობს და ისინი უსახლკაროდ არ დარჩებიან.

,,ამ პერიოდში მათ ბინის ქირას გადავუხდით. მივმართეთ დევნილთა სამინისტროს, რომ უზრუნველყოს მათი ბინით დაკმაყოფილება. თუ ამ ოჯახებს ბინებს არ მისცემენ, რეკონსტრუქციის შემდეგ შენობაში დაბრუნების უფლება მიეცემათ. უსახლკაროდ არ რჩებიან და მგონი კარგი შემოთავაზებაა"-აცხადებს ჯონი არაბიძე.
| Print |