მიმდინარე კვირის დასაწყისში იმერეთის რეგიონში იმუნიზაციის ორი ცენტრი ქუთაისსა და ზესტაფონში გაიხსნა. აღნიშნულ ცენტრებში მოსახლეობას ვაქცინაცია ჯავშნის გარეშე შეუძლია.
როგორია აქტივობა იმუნიზაციის ცენტრებში, ამ თემით რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი  გოჩა გიორგიძე ამბობს რომ, ამ დროისთვის ამცრელ სივრცეებში არც თუ ისე მაღალი აქტივობაა. მისი თქმით, იმერეთში ამ დროისთვის 2 დოზა ვაქცინის 105354 დოზის ადმინისტრირება მოხდა. მუშაობს 32 ამცრელი ბრიგადა მათ შორის: ქუთაისისა და ზესტაფონის იმუნიზაციის ცენტრის ბრიგადები და ამ ბრიგადებიდან გამომდინარე, იმერეთს აქვს შესაძლებლობა 5000 ვაქცინაცია გააკეთოს ყოველდღიურად.

“ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მაღალი აქტივობაა ამცრელ სივრცეებში, ზესტაფონში გაცილებით მაღალი აქტივობა იყო, ვიდრე ქუთაისში.  იქ ხდებოდა ორგანიზებულად თვითმართველობების მიერ სოფლებიდან მოსახლეობის გადმოყვანა. ანალოგიურად ახორციელებს ქუთაისი მოსახლეობის ტრანსპორტირებას, ყველა მუნიციპალიტეტში არის განთავსებული სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი წარწერები. მუნიციპალიტეტების მიერ მიწოდებულია ინფორმაცია ასევე ბინების წარმომადგენელებისთვის.”

მოსახლეობის აქტივობის ნაკლებობას გოჩა გიორგიძე იმითაც ხსნის, რომ იმუნიზაციის ცენტრები ახალი გახსნილია და სრულად მოსახლეობა ინფორმირებული ჯერ არ არის, ამავე დროს ქალაქში ამ პერიოდში ხალხის მობილიზების ნაკლებობაცაა.

“ჯერ კიდევ ზაფხულის ცხელი პერიოდი გვაქვს – დასვენებების პერიოდი. ზოგი სოფელს სტუმრობს, ზოგი ზღვას და იქედან ერთგვარი სოციალური ჯგუფები გაგვიჩნდა.
ვფიქრობ, რომ თანდათანობით ამცრელი სივრცის დატვირთვა უნდა გაიზარდოს, მათ შორის, ჩართვა მოხდება სხვადასხვა ორგანიზებული დაწესებულებების.
არაერთი მოწოდება გაჟღერდა ამირან გამყრელიძისგან და ეკატერინე ტიკარაძისგან, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ სასწავლო პროცესის დაწყებისთვის კოვიდისგან თავისუფალი, მწვანე სივრცეები სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებში, უნივერსიტეტბში. ამის მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ სკოლის პერსონალმა კარგად გააცნობიეროს, დროულად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცეში, რათა სკოლა სასწავლო პროცესის დაწყების წინ იყოს დაცული კოვიდისგან და მათ მიენიჭოთ შესაბამისი სტატუსი.  ამისათვის საჭიროა, პედაგოგთა 80% -ის ვაქცინაცია მოხდეს ორი დოზით,”- აცხადებს გოჩა გიორგიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *