რამდენიმე დღეა მედიკოსები ვაქცინაციიის საგანგაშოდ დაბალ მაჩვენებელზე და ვაქცინების ვადაზე საუბრობენ.

22 სექტემბერს, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია და 
დაბალი აქტივობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა “ფაიზერის” გარკვეული დოზის ვადის გასვლის გამო ვაქცინები აუთვისებელი დარჩეს.

“ფაიზერი” ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო. ადამიანი “ფაიზერს” გააფუჭებს? მაშინ აჩუქებს სხვას, ვისაც ჩვენზე მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ვინც ამას გამოიყენებს. გვაქვს “სინოვაკი”, “სინოფარმი” , “ასტრაზენეკა”, მივიღებთ “ჯონსონ და ჯონსონს”. მე ვერ გავიგე, მართლა საბოტაჟს აწყობთ?” –  ამონარიდი თენგიზ ცერცვაძის კომენტარიდან.

ვაქცინების ვადებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადაგასული ვაქცინები არ გვაქვს, მაგრამ დაახლოებით 200 ათას ვაქცინას ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება, თუმცა მინისტრის თქმით, ამ ვაქცინების ათვისების რეალური გარანტიაც არის. ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ FDA-მ (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) ფაიზერის ვაქცინას ვადა 3 თვით გაუხანგრძლივა და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან 9 თვემდე გაიზარდა.

“გაფუჭებული არ არის არცერთი ვაქცინა. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. ეს არის დაახლოებით 200 ათასი ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც რეალურად გვაქვს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც FDA აღნიშნავს, რომ “ფაიზერის” ვაქცინას კიდევ დამატებით გაუხანგრძლივდა ვაქცინაციის ვადა სამი თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე. აქედან გამომდინარე, ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით, უკვე სრულიად არის მოხსნილი”, _განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *