საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ე.წ. ბუსტერ-დოზებით აცრა დაიშვა, თუმცა გარკვეული დათქმებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენებას. 

“საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ-დოზების გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის ადამიანში, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ასევე, მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი და დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული ადამიანები”, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე 12-დან 15 წლამდე ბავშვებში ვაქცინაციის რეკომენდაციას კვლავ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებში გასცემენ. 

“მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე და ასევე, აქაც იკვეთება ჯგუფები, რომელთაც სჭირდებათ ხშირი მოგზაურობა ან სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიტარეს და მეორე დოზა აქვთ ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება”, — განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა საქართველოში 4 ვაქცინით მიმდინარეობს: სინოფარმი, სინოვაკი, ფაიზერი და ასტრა-ზენეკა. ამ დრომდე მხოლოდ ვაქცინებით ორჯერადად აცრა იყო შესაძლებელი, ვაქცინაციის საბჭომ კი უკვე დამატებითი, ბუსტერებით აცრაც დაუშვა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *