ქართული ოცნების დეპუტატი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, კორონავირუსის გავრცელების ტალღების თვლას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს.

სერგეენკოს ამის მიზეზად გაურესებული ეპიდვითარება მიაჩნია და  არსებულ მდგომარეობას ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს უკავშირებს. მისი თქმით, აცრებზე საინფორმაციო კამპანიისას დაფარული არ იყო მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელსაც ვაქცინაციის საჭიროებაზე ინფორმაცია არ ჰქონდა.

ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემას აქვს შესაძლებლობა, 10-ჯერ ან 15-ჯერ მეტი ადამიანი აცრას, ვიდრე დღეს ცრის და ეს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

“ვართ იქ, რომ ტალღების თვლას, უკვე მესამე არის, მე-4 და მე-5, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მონაცემები, რაც გვაქვს და იზოლირებულად განვიხილოთ ჩვენი ქვეყანა, არის გაუარესების ტენდენციით, რაც გასაგებია, რაც ნიშნავს: მეტი დაავადებული და სამწუხაროდ, მეტი გარდაცვალება”,

ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი, რომ საზოგადოების არც თუ ისე მცირე, მე ვიტყოდი, მნიშვნელოვან ნაწილს, აქვს ნეგატიური დამოკიდებულება ვაქცინაციისადმი. ის სეგმენტი, რომელსაც ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ვაქცინაცია საჭიროა, პრაქტიკულად, დაფარული არ იყო იმიტომ, რომ საინფორმაცია კამპანია მიდიოდა იმ სახით, რითიც მიდიოდა: ბილბორდები, განცხადებები, კლიპები ტელევიზიაში და ა.შ” – განაცხადა მან პალიტრანიუსის ეთერში.

დავით სერგეენკო ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა კომუნიკაციების დარგის მაღალი დონის ექსპერტებმა უნდა შეაფასონ და ჯანდაცვის სისტემას რეკომენდაცია მისცენ.

21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 2 896, გარდაიცვალა 29 ადამიანი. იმერეთში გუშინ 827 შემთხვევა გამოვლინდა.

NCDC-ის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მე-5 ტალღა დაწყებულია და წინ ძალიან რთული ნოემბერი გველის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *