ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო სპეციფიურ „პისიარ“ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, სწრაფი ტესტები ახალ შტამს ვერ ცნობს და მისი იდენტიფიცირება სპეციალური “პისიარით” ხდება.  ამასთანავე, გამყრელიძის თქმით, უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი შტამის ამოცნობა. 

“სწრაფი ტესტი ვერ ამოიცნობს ახალ შტამს – „ომიკრონს“. ახალ შტამზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია ზოგიერთი „პისიარ“ მეთოდით, რომელიც ქვეყანაში გამოიყენება და სამ გენზე მუშაობს. ახალი შტამის, „ომიკრონის“ ამოცნობა სპეციალური „პისიარით“ ხდება. ხვალ, ან ზეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ ლუგარის თანამშრომლებს კონსულტაცია. უკვე არის გარკვეული სპეციფიური „პისიარი“, რომელიც ჩვენ გვაქვს „დელტა“ და „ალფა“ შტამზე და მის იდენტიფიცირებას ვახდენთ.

ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა „ომიკრონზე“. აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას დაეგზავნება, ვინც აწარმოებს „პისიარ“ დიაგნოსტიკას.

ასევე, ჩვენი წინადადებაა, რომ შერჩევითად გარკვეული ნიმუშები გამოიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ჩატარდეს ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამი. ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს, აქ არის სპეციფიური მუტაციები, რომელსაც ჩვენ სეკვენირებთ ვადასტურებთ.

ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური „პისიარი“ მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია.

სპეციფიური „პისიარი“, დიდი ალბათობით ამბობს, რომ საქმე გვაქვს „ომიკრომის“ შტამთან, თუმცა, საბოლოოდ, მისი იდენტიფიცირება ხდება ვირუსის გენომის სეკვენირებით, დაშლით, რომელსაც ვაკეთებთ სხვა შტამების იდენტიფიცირებისას“, – აღნიშნავს გამყრელიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *