საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვირუსის ახალი შტამი საქართველოს ორ მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელთაც მოგზაურობის ისტორია აქვთ. გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა.

“ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია. მიმდინარეობს 26 კონტაქტის კვლევა”, – აღნიშნავს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი პირველად სამხრეთ აფრიკაში, ნოემბრის ბოლოს დაფიქსირდა. მას სპეციალისტები ჯერ კიდევ იკვლევენ იმის დასადგენად, იწვევს თუ არა აქამდე აღმოჩენილ ვარიანტებთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას. 

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ჯგუფი, რომელმაც „ომიკრონის“ ლაბორატორიულ-მიკრობიოლოგიურ შესწავლაზე იმუშავა, აცხადებს, რომ „ომიკრონი“ 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებში და ბრონქის კედელში, ვიდრე მისი წინამორბედი, „დელტა“ ვარიანტი და 10-ჯერ უფრო ნაკლებად ფილტვის ქსოვილში.

გამოკვლევების მიხედვით,  „ომიკრონი“ საკმაოდ წარმატებულად უსხლტება როგორც ბუნებრივი გზით შეძენილ იმუნიტეტს, ისე ვაქცინით მიღწეულ იმუნიტეტს. მაღალია რეინფიცირებისა და ვაქცინით ორჯერ აცრილთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა, მეცნიერების თქმით, ვაქცინის ბუსტერ-დოზა, საკმაოდ ეფექტურია ვირუსთან ბრძოლაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *