დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, შემცირდება საკარანტინო და იზოლაციის ვადები.

“გიდასტურებთ, რომ შემცირდება ვადები, როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე” – ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს უკვე მომზადებული აქვს პროტოკოლი კონტაქტირებული და ინფიცირებული პირების საკარანტინო ვადებისა და იზოლაციის შემცირებაზე. 

“საკარანტინო ვადების და იზოლაციის ვადების შემცირებაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრს მომზადებული აქვს ერთი პროტოკოლი, რომელიც უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში. კერძოდ, კონტაქტირებული პირების დღეს გადაიგზავნება. ასევე, ინფიცირებული პირების. დღეს და ხვალ მოხდება ერთობლივი განხილვა ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურებთან და მერე მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, რომ შემცირდება ვადები, როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე.” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საკარანტინო ვადების შემცირება დაკავშირებულია ახალი შტამის – ომიკრონის მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან. 

“დღეს და  ხვალ საბოლოოდ ჩამოყალიბდება განახლებული ვადები კარანტინთან დაკავშირებით. საკარანტინო ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია ომიკრონის მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით უფრო ხანმოკლე არის, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღით, სიმპტომების შემთხვევაში, რეკომენდებულია 10 დღე. თუ საჭიროა, შესაძლოა მეტი დროც. ამიტომ, ჩვენ გავივლით რეკომენდაციას და შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ იყოს არასაჭირო ილოზაციასთან დაკავშირებით,” – განმარტავს თამარ გაბუნია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *