დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანას აქვს 550 000 დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა 31 მარტს გადის.

სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინების ვადა კი 2023 წლის ივნის-ივლისამდეა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Pfizer-თან დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის ბავშვების დოზებზეც. 

“ქვეყანაში ამ ეტაპზე გვაქვს 550 000 დოზამდე Pfizer-ის ვაქცინა, რომელსაც ვადა აქვს 31 მარტამდე. გვაქვს დანარჩენი კიდევ დაახლოებით მილიონ-ნახევრამდე Sinopharm-ი და Sinovac-ი, რომლებსაც ვადა აქვს 2023 წლის შუა რიცხვებამდე, ივნის-ივლისამდე. რაც შეეხება ახალ შესყიდვებს, დიდი ხანია მიმდინარეობს Pfizer-თან მოლაპარაკება ამ წელს დამატებით 2 მილიონი დოზის შესყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის, არის საუბარი ბავშვების დოზებზე, მოგეხსენებათ 5-დან 11 წლამდე დოზები განსხვავდება 12 წელს ზემოთ დოზებისგან. ასევე, საუბარია, რომ თუ Pfizer-ს ექნა უკვე მარტის ბოლოსთვის ომიკრონის შტამის სპეციფიკური ვაქცინა, საქართველოს აქვს ამაზე განაცხადი გაკეთებული”, — თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 45% ომიკრონია. მისივე თქმით, ლაბორატორიულად გამოვლენილია 951 შემთხვევა. როგორც მან აღნიშნა, ბუსტერი არის ომიკრონის შტამის ერთ-ერთი მთავარი შემაკავებელი და Pfizer-ის ბუსტერ დოზის შემთხვევაში 70-80%-ით მცირდება ომიკრონით ინფიცირების შემთხვევები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *