ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „ომიკრონის“ სიმპტომების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ „ომიკრონის“ შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი.

მისივე თქმით, „ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) 3 დღემდე მცირდება.

„რამდენიმე ინფორმაცია „ომიკრონის“ შტამთან დაკავშირებით (რადგან „ომიკრონის“ გავრცელება სულ ახლახან დაიწყო, კვლევები მწირია, თუმცა რამდენიმე გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით გარკვეული წარმოდგენის შექმნა უკვე შესაძლებელია).

„ომიკრონით“ გამოწვეული კოვიდის ინკუბაციური პერიოდი (ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე) შემცირდა 3 დღემდე. „ომიკრონის“ შტამისთვის დამახასიათებელია 5 ძირითადი სიმპტომი: ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ცემინება და ყელის ტკივილი. ასევე დამატებით აღინიშნება კოვიდისთვის აქამდე ნაკლებად დამახასიათებელი სიმპტომები: გულისრევა, ღამით ოფლიანობა, წელის ტკივილი.

ხველა შეიძლება იყოს, თუმცა უფრო მსუბუქად გამოხატული, ვიდრე კოვიდის წინამორბედი შტამების შემთხვევაში.

სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს. ყნოსვის და გემოს ცვლილება ძალიან იშვიათია (დელტას შემთხვევაშიც შედარებით ნაკლებად გვხვდებოდა, ხოლო „ომიკრონის“ შტამი კიდევ უფრო იშვიათად იწვევს ამ სიმპტომს). ქვედა სასუნთქი გზების დაზიანება შედარებით ნაკლებად ხდება და შესაბამისად, სუნთქვის გაძნელება ნაკლებად ახასიათებს.

ჰოსპიტალიზაცია შემცირებულია 70%-ით (თუმცა ვინაიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ძალიან მაღალია, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონეთა აბსოლუტური რიცხვიც მაღალია. შესაბამისად, ამჟამად საწოლების მაქსიმალური მზადყოფნა მაინც აუცილებელია). 50%-ით ნაკლებია რეანიმაციაში მოხვედრის რისკი, 4-5-ჯერ ნაკლებია მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი.

რეანიმაციაში მოხვედრილთა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანილთა მაღალი პროცენტია არავაქცინირებული. ვაქცინის სამი დოზა ჰოსპიტალიზაციის რისკს 80%-მდე ამცირებს.

კვლავ საყურადღებოა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი – 5%. ბევრ ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი ინფიცირებულთა დიდი რიცხვის გამო სამუშაო ადგილებზე შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით“, – წერს ინფექციონისტი.

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. საქართველოში ამ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები 20 დეკემბერს გამოვლინდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *