ანზორ ხერხაძეს “ხელოვნების ქურუმის”  წოდება მიენიჭა.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჯილდო მსახიობს პირადად გადასცა. მინისტრმა მას საოცნებო როლის ახლო მომავალში თამაში უსურვა. “ქუთაისის თეატრის ერთ-ერთი უხუცესი მსახიობის, ძალიან დამსახურებული ადამიანის ანზორ ხერხაძის საღამოზე ვიმყოფებოდით. თეატრალურ ხელოვნებაში, ზოგადად ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მქონდა პატივი დამეჯილდოვებინა კუტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოთი “ხელოვნების ქურუმით”. მინდა დღეგრძელობა და მომავალი შემოქმედებითი წარმატება ვუსურვო. ამბობს, რომ საოცნებო როლი ჯერ კიდევ არ უთამაშნია და ვუსურვებ, რომ ეს საოცნებო როლი ახლო მომავალში ითამაშოს”, – განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.
80 წლის მსახიობის იუბილე და ხელოვნების ქურუმის წოდების მიღება იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მესხიშვილის თეატრში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლის გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით საიუბილეო ღონისძიება დაიდგა. მსახიობებმა სცენაზე ანზორ ხერხაძესთან ერთად შესრულებული როლები გაიხსენეს. ასევე აჩვენეს ნაწყვეტები იმ ფილმებიდან, რომლებშიც სახალხო არტისტი ანზორ ხერხაძე მონაწილეობს. მსახიობს 224 როლი აქვს ნათამაშები. გადაღებულია ფილმებში “პირველი მერცხალი”, “სოფლის აშიკი”, “ბაკულას ღორები” და სხვა. სახალხო არტისტმა საიუბილეო საღამოზე მისულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა. “64 წლის წინათ შევქმენი საკუთარი ხომალდი. ჩავისვი შიგ 224 მგზავრი. 224 ადამიანის სიცოცხლით ვიცხოვრე  და მე მგონი 224-ვე ერთად არ მოკვდება. დიდი შრომით და ჯაფით გავიტანე 64 წელი ამ ოკეანეში. მერე შევამჩნიე, რომ ჯანმრთელობა ხელს აღარ მიწყობდა და საჭე შემოვაბრუნე და ნაპირისკენ წამოვედი. მალე ჩემი გემი მშობლიურ ნავსადგურში შევა სხვა ღვაწლმოსილ გემებთან ერთად. მე ერთი თხოვნა მაქვს, თუ შემთხვევით ერთამნეთს იმ ნავსაყუდელში შევხვდებით და გაიგონებთ აფრების ტკაცუნს, იცოდეთ, რომ ეს მე ვარ. ეს მე გიკრავთ ტაშს თქვენ, იმ დაფასებისთვის, იმ აღიარებისთვის, რომელსაც მე თქვენგან ყოველთვის ვგრძნობდი. ახლა სურვილი მაქვს ყველაზე მაღალ ანძაზე ავიდე და გადმოვძახო, რომ მიყვარხართ ყველა”, – უთხრა მსახიობმა მაყურებელს.

ანზორ ხერხაძე საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე და ახლა უკვე “ხელოვნების ქურუმია”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *