დღეს ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. ქუთაისი უძველესი ქალაქია, შესაბამისად აქ მრავლადაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები,ისტორიული ნაგებობები.
რადიო “ძველი ქალაქისთვის” ქუთაისის მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ქალაქში სულ 217 ძეგლია, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, აქედან კერძო საკუთრებაში 172 შენობაა. სახელმწოფო ბალანსზე 22 შენობაა, საპატრიარქოს ბალანსზე კი 9.
ხშირ შემთხვევაში პრობლემატურია კერძო საკუთრებაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების მოვლა პატრონობის საკითხი, რადგან მათი თვითნებურად შეკეთება არ შეიძლება და სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. “ნებისმიერ ძეგლზე უნებართვო სამუშაოების ჩატარება აკრძალულია. ყველა მოთხოვნა რეგულირდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კანონის შესაბამისად. ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩასატარებლად მსურველმა უნდა მომართოს ჩვენს სააგენტოს. მას მიეწოდება ინფორმაცია თუ რა სახის ინფორმაცია უნდა წარადგინოს მან ნებართვის მისაღებად. შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ვახორციელებთ მონიტორინგს , რომ ძეგლებზე არ მოხდეს რაიმე სახის ჩარევა. ზოგჯერ იერსახე შეცვლილი ძეგლისათვის პირვანდელი სახის დაბრუნება ადვილია, თუმცა ზოგ შემთხვევაში რთულად ხდება. რაც შეეხება ჯარიმებს, ჩვენ კონკრეტულ ობიექტზე ვაგზავნით ჯერ გაფრთხილებას, არის გარკვეული ვადა და თუ ამ ვადაში რაიმე რეაგირებას არ მოახდენს კანონით დადგენილ ვადებში დგება სამართალდარღვევის ოქმი თანდართული მასალებით და ეგზავნება სასამართლოს, რომელიც კონკრეტულ ჯარიმას კონკრეტული მუხლით აწესებს. ჯარიმა მოქალაქეების შემთხვევაში, ფიზიკურ პირებზე არის 5 ათასი ლარი, იურიდიულ პირებზე 10 ათასი ლარი. თუ დაჯარიმებიდან კონკრეტული დარღვევა 6 თვეში არ გამოსწორდა ჯარიმა სამმაგდება, ანუ უ იყო 5 ათასი, ხდება 15 ათასი”, – განაცხადა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის სპეციალისტმა დიმიტრი მაჭავარიანმა.
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში 1984 წლიდან აღნიშნავენ.
რა მდგომარეობაში არის კულტურული ძეგლები ქუთაისში ამ თემაზე რადიო “ძელი ქალაქი” ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *