5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის

სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში მოეწყობა ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული უნიკალური გამოცემების გამოფენა:
,,რენესანსიდან XX საუკუნემდე”
საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება:
ქუთაისში დაბეჭდილი და ,,ვეფხისტყაოსნის” სხვადასხვა გამოცემები,
ლექსიკონები,
ბერძნულ-ლათინური ტექსტები (პლუტარქე, პლატონი…),
რუსეთის იმპერიაში გამოცემული ლათინური ტექსტები,
ლათინურ-არაბული გამოცემები (ყურანი, ლაიფციგი, 1834 წ.;
აბულ-კასიმ, გრამატიკის ანთოლოგია, 1859 წ.;
ეთიოპური ქრესტომათია, ლაიფციგი, 1866 წ.;
მუალაკები, ისლამიმდელი არაბული პოეზიის კრებული, ლაიფციგი, 1850 წ.);

წიგნები ანტონ ლორთქიფანიძის ხელმოწერებით;
გოეთეს, შილერის, დიკენსის თხზულებები;
ალბომები;
და ჩვენი ბიბლიოთეკის განსაკუთრებული საგანძური –
მარციალისის პირველნაბეჭდი წიგნი – ,,ორი კომენტარი მარციალისზე”.

მარკუს ვალერიუს მარციალისი ცხოვრობდა და მღვაწეობდა ჩვენი წ/აღ. 40-104 წ.წ. რომში. იგი იყო პოეტი, ეპიგრამული ჟანრის ცნობილი წარმომადგენელი წ/აღ. 64-68 წლებში, რომელმაც შეადგინა 15 წიგნის შემცველი ეპიგრამების კრებული. მარციალისის ეპიგრამები საიმპერატორო პერიოდის რომის ისტორიის ძვირფასი წყაროა. მან დიდი გავლენა მოახდინა ევროპულ ეპიგრამულ პოეზიაზე.
წიგნი ლათინურენოვანია, დაბეჭდილია 1498 წელს ვენეციაში. მასში გადმოცემულია I საუკუნის რომაელი პოეტის, მარკუს ვალერიუს მარციალისის, ცხოვრება და კომენტარები მის შემოქმედებაზე.
გამოცემის ავტორები არიან დომიციუს კალდერინი და გეორგ მერულა, რომელებმაც თავი მოუყარეს მარციალისის შემორჩენილ რელიქვიებს.
წიგნი იშვიათი გამოცემებს მიეკუთვნება. მისი ანალოგები, სავარაუდოდ, დაცულია: ვირჯინიის, ნიუ-იორკის, ბრიტანეთის, პორტუგალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ბიბლიოთეკებში.

ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილება დაარსდა 2008 წელს. 2017 წლის იანვრის მონაცემებით აქ დაცულია 2 198 ერთეული. განყოფილება დღითიდღე ივსება ძირითად საცავში დაცული უნიკალური გამოცემებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *